ანონსიახალი ამბებიდმანისითეთრი წყაროქვემო ქართლიწალკა

მამუკა ჩოქური: „ადამიანებთან გულწრფელი კომუნიკაცია მაქვს, ჩვენს შორის არ არის სიმაღლეები და მე არ ვიტყუები ურთიერთობებში.“

 

პარტიამ ,,ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა,, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მამუკა ჩოქური დაასახელა.  მამუკა ჩოქური დაიბადა 1969 წლის 29 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ახალსოფელში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის 103-ე საჯარო სკოლა, 1991 წელს იაროსლავის პედაგოგიური ინსტიტუტი, ასევე სწავლობდა ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1992-1993 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში,აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. 2013-2014 წლებში გახლდათ თეთრიწყაროს რაიონის გამგებელი, 2014-2016 წლებში კი სამგორის რაიონის გამგებელი. 2015 წელს აირჩიეს საერო აკადემია „ფაზისი“ ს წევრად. ჰყავს მეუღლე და შვილები.

 .ბატონო მამუკა,  თქვენ ყოველთვის იდექით ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე, იყავით აფხაზეთის ომში,აგვისტოს ომში. სამხედრო განათლება თუ გააქვთ?

კლასიკური გაგებით სამხედრო განათლება არა მაქვს და არც ჯარში არ მიმსახურია, მაგრამ 1989 წლის 25 ნოემბერს, 20 წლის ასაკში, მე და ჩემი მეგობრები წავედით სამაჩაბლოში, სადაც კონფლიქტი დაიწყო, 1992 წელს კი აფხაზეთის ომში ვიბრძოდით და 2008-ში აგვისტოს ომშიც ვიდექი იქ,  სადაც ჩემს ქვეყანას ვჭირდებოდი.

როგორ ფიქრობთ, ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობების დალაგება რამდენად არის შესაძლებელი და რა ფორმით?

ამ თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რადგან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მშვიდობის დამყარება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. რეალურად, ორივე კუთხეში სრულიად ახალი თაობა გაიზარდა და რაც ყველაზე სამწუხაროა, გაიზარდნენ ქართველთმოძულეებად. მათ ასწავლიან ისტორიას,თითქოს, ქართველები ოკუპანტები არიან, ამიტომ, ამ ეტაპზე, მდგომარეობის გაუმჯობესება ძალიან რთულია. არ ვარ ომის მომხრე  და საერთოდ,  ყველაზე მეტად მშვიდობა იმას სურს, ვინც იცის,  რა საშინელებაა ომი.  ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მყარად უნდა დადგეს ფეხზე და ოკუპირებულ რეგიონებს  დავანხვოთ, რომ მათ საქართველო სჭირდებათ. აუცილებლად გამოსაყენებელია სახალხო დიპლომატიაც. საბედნიეროდ, აფხაზეთსა  და ცხინვალის რეგიონში არსებობს გარკვეული კერები, სადაც არის ჩუმი თუ ხმამაღალი სურვილი,რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. უბრალოდ, როცა მოლაპარაკებას იწყებ, შესათავაზებელიც  უნდა გქონდეს რაღაც. სამწუხაროდ,  არგუმენტი, რომ ეს ჩემი მიწაა,  შეთანხმებამდე ვერ მიგვიყვან.

თქვენ იყავით სამგორის რაიონის გამგებელი, მანამდე კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი. როგორ გაიხსენებდით ამ წლებს და რა გაკეთდა მნიშვნელოვანი თქვენი მუშაობის პერიოდში?

ჩემთვის ეს წლები ძალიან მნიშვნელოვანია. თეთრიწყაროს მიმართ განსაკუთრებით სენსიტიური დამოკიდებულება მაქვს. 2013 წლის სექტემბერში დავინიშნე თეთრიწყაროს გამგებლად და მხოლოდ ათი თვე მომეცა მუშაობის საშუალება. ბევრი რამეა გასაკეთებელი, ბევრი რამე ვერ მოესწრო,ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო დრო. ათი თვე ძალიან ცოტაა,  თუმცა ჩემს ყველაზე დიდ მონაპოვრად მივიჩნევ ხალხის ნდობას.  ჩემი გამგებლობის პერიოდში თეთრიწყაროს მოსახლეობამ დაინახა,რომ ხელისსუფლებასთან შეიძლება ახლოს მისვლა, დალაპარაკება, ამა თუ იმ სატკივარის გაზიარება, თურმე შესაძლებელია,  ერთი სიმაღლიდან ვუყუროთ პრობლემას. ჩემი კაბინეტის კარი ყოველთვის ღია იყო მოსახლეობისთვის,ვინც ვერ მოდიოდა, თავად მივდიოდი მასთან, ადამიანებთან გულწრფელი კომუნიკაცია მაქვს, ჩვენს შორის არ არის სიმაღლეები და მე არ ვიტყუები ურთიერთობებში. გამგეობას ძირითადად მიმართავს ადამიანი, რომელსაც გარკვეული პრობლემა აქვს. ზოგ შემთხვევაში გამგეობას არ ჰქონდა ამა თუ იმ საკითხის მოგვარების ბერკეტი, ბიუჯეტიდან თუ გარკვეული უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ადამიანები ხედავდნენ მთავარს – სიმართლეს ვამბობდი გულწრფელად და  ალალად.  თუ შემეძლო, არ მეზარებოდა და რაც არ შემეძლო,  ამასაც გულწრფელად ვუხსნიდი,  თუ სადმე ხელი მიმიწვდებოდა, მაქსიმალურად ვცდილობდი დახმარებას. მივმართავდი მუნიციპალური განვითარების ფონდს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანიას და მრავალ სხვას, რომელთა მეშვეობითაც  ვაგვარებდით რაიონისა და მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხებს. ჩემი დანიშვნის მომენტში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ოცდათორმეტი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, გამგეობის შენობა, ირიცხებოდა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. დიდი ძალისხმევის შედეგად, დავუბრუნე რაიონს აღნიშნული ქონება.  თეთრი წყაროს ბიუჯეტი შეადგენდა ხუთ მილიონ ლარს, გამოყოფილი როგორც ინფრასტრუქტურაზე,სოციალურზე,კულტურაზე,ხელფასებზე და ა.შ. არარეალურია ამ თანხაში ყველა ამ საკითხის მოგვარება. ამიტომ დაახლოებით თეთმეტი მილიონი ლარი მაქვს სხვადასხვა უწყებებიდან მოზიდული, გზის მშენებლობა იქნებოდა ეს თუ სხვა და სხვა. მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ საინტერესო და მდიდარი რაიონია თავისი პერსპექტივებით, ბევრი რამ დღესაც პრობლემაა, მაგალითად, წყალმომარაგების სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა. ცუდად მოქმედებს ხე-ტყის გაჩანაგება, წალკასა და მარნეულს ტყის ფონდი არ გააჩნია, თეთრიწყაროს ტყეები ამარაგებს ამ რეგიონებს და ნაწილობრივ თბილისს. აღნიშნული ფაქტი იწვევს ტყის მასივის განადგურებას და წყლის კლებას. ქვემო სოფლებში: ჩხიკვთა, მათევანი, ფარცხისი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, ენაგეთი, შავსაყდარი, წინწყარო,გოლთეთი,ხაიში,საღრაშენი, არსად წყალი არ არის.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ააქვს რეალური რესურსი წყლის პრობლემის აღმოსაფხვრელად. სამწუხაროდ, მე არ დამცალდა ამ პრობლემის მოგვარება. ვიმედოვნებ, მომეცემა საშუალება, ახალი ძალით და შემართებით  შევუდგე ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებას.

.რას ჰპირდებით ამომრჩევლებს, რატომ უნდა მოგცენ თქვენ ხმა და განდოთ მანდატი?

მრავალი წელია,  ჩვენს ამომრჩეველს ზღვა დაპირებებით ახვევენ თავბრუს, მე შემიძლია,  ჩემს ამომრჩეველს შევპირდე ზუსტად ის, რაც ზემოთ ავღნიშნე – არასოდეს მოვატყუებ და მათთან ურთიერთობაში ყოველთვის გულწრფელი ვიქნები. არასერიოზულად ვუყურებ იმ ფაქტს,  როცა ამა თუ იმ ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველს გზას და წყალს ჰპირდება. დეპუტატის საქმე არ არის ინფრასტრუქტურა, მისი საქმეა საკონონმდებლო საკითხებზე მუშაობა.

მე ვპირდები იმას,რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მოიხსნას საკანონმდებლო დონეზე. რაც შეეხება უშუალოდ რეგიონს, საჭირო იქნება ჩემი შუამდგომლობა საკონონმდებლო ორგანოში და ამა თუ იმ სამინისტროში,ასევე მჭიდრო ურთიერთობა თვითმმართველ ორგანოებთან. მაჟორიტარს არა აქვს ბიუჯეტი, საუკეთესო გზაა მაჟორიტარის და გამგეობის ტანდემში მუშაობა. მე მჯერა,რომ სურვილით,ცოდნითა და ქვეყნის სიყვარულით მცირე ბიუჯეტითაც კი შეიძლება რეგიონის განვითარება. როგორც დიდი ილია იტყოდა „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური,რომ ღარიბია,არამედ იმით, რომ მცოდნე,გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს

რატომ ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა?

. ორმა სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ – ,,ქართულმა მარშმა,, და ,,გეორგიამ,, გადაწყვიტა, თავიანთი ძალები ქვეყნის სასიკეთოდ გაეერთიანებინა. ,,ქართული მარში-ეროვნული მოძრაობის,, საქმიანობის უკუღმა აღქმას ხელს უწყობს რიგი საიმფორმაციო საშუალებები. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველოში მარტო ქართველები უნდა ცხოვრობდნენ ან მარტო მართმადიდებელი ქრისტიანები უნდა იყვნენ. ეს პარტია დაფუძნებულია ეროვნულ იდეოლოგიაზე, რაც არის ჩვენი ერის საფუძველი. ეს თუ მოიშლება,  ერი შეწყვეტს არსებობას და დარჩება მხოლოდ ხალხი.

საქართველო არასოდეს ყოფილა რომელიმე სარწმუნოების ან ეროვნების მიმართ აგრესიული. თბილისი, მთელი საქართველო და ჩემი რეგიონია ამის მაგალითი, სადაც აზერბაიჯანელი, სომეხი, ბერძენი, ოსი და ქართველი ცხოვრობს თანაბარ პირობებში. საქართველოში მცხოვრებ  ერის წარმომადგენელს თვითმყოფადობა თუ მოუშალე, ის ვერ იქნება მამულიშვილი. საქართველოში მაცხოვრებელ ხალხებს გვაერთიანებს ჩვენი სამშობლო, უფლებებიც და ვალდებულებებიც თანაბარი გვაქვს. ჩემს მხარდამხარ საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები, უკრაინელები, ისინი ჩემთვის ჩემი სისხლი და ხორცია. ეს ხალხი თავისად აღიქვამს ამ სამშობლოს და თავს წირავს მისთვის, ინარჩუნებს ეროვნებას, მაგრამ მათი სამშობლო საქართველოა.

რწმენა სამშობლოს მიმართ, რწმენა შენი რელიგიის მიმართ თუ მოგიშალეს, რაღაა სამშობლო?! ეს არც ქსენოფობიაა და არც ჰომოფობია, ჩვენი მიზანია უწესობას, ზნეობრივ გადაგვარებას, ტრადიციების და ღირსების დევნას ვებრძოლოთ კანონის ძალით, საკანონმდებლო ორგანოში. სამწუხაროდ,  ჩვენ ახლა ვართ თავდაცვის რეჟიმში, რადგან სიტყვები სამშობლო და პატრიოტიზმი ხდება მიზეზი, რომ  ბნელი და ჩამორჩენილი გეძახონ.

ბატონო მამუკა, ქვემო ქართლზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ სოფლის მეურნეობა. რა წვლილი შეიძლება შეიტანოს ამ რეგიონმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და რა პერსპექტივები აქვს მას?

ზუსტად ამის გამო დავიწყეთ პროექტი ,,გეორგია”, რომელიც ისრაელის მოდელზეა დაფუძნებული და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ეკონომიკურ-პოლიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს. ჩვენი პარლამენტში შესვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც  სწორედ ეს არის ეს. ბოლო 3-4 წელია,  ვცდილობთ,  გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ ამას მხოლოდ ჩვენთვის, ეს უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანის, ვცადოთ,დავიწყოთ და განვიხილოთ. მთავარი პრობლმა ამ ეტაპზე არის გასაღების ბაზარი, რომელიც თუ არ გაქვს, რა რაოდენობით პროდუქტიც არ უნდა შექმნას ქვეყანამ, აზრი ეკარგება.  არ სჭირდება ამას ეკონომიკის ,სოფლის მეურნების ან პოლიტიკის ცოდნა, შევხედოთ ისრაელს,  რომელსაც არ ააქვს მიწა და წყალი, მხოლოდ მიწის ოცი პროცენტია ისრაელში სოფლის მეურნეობისთვის გამოყენებული,ისიც მოაქვთ  სხვა რეგიონებიდან, ანოყიერებენ, ამუშავებენ ზღვის წყალს,  რათა სარწყავად იქნას გამოყენებული. ამ ყველაფრის ფონზე ვერავინ იტყვის,რომ ისრაელი დღეს ეკონომიკურად ან სოფლის მეურნეობით წარუმატებელი ქვეყანაა, ამ წარმატების კვალდაკვალ მითუმეტეს როცა ეს ხალხი პარტნიორობის ფარგლებში გვთავაზობს თავის დახმარებას გამოცდილებით,ცოდნით,ტექნოლოგიებით და გასაღების ბაზრით მინიმუმ სისულელეა ამ შანსის არ გამოყენება. არა ერთი წერილი გვაქვს მიწერილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისათვის,იყო ეს იმჟამინდელი პრემიერი ბახტაძე თუ ახლანდელი გახარია. 2015 წელს პირველმა საპილოტე პროექტმა  გაიარა პროცედურები და მიიღო თანხმობა ეკონომიკური საბჭოსგან,რომ დაწყებულიყო გარდაბნის რაიონში ხუთასოც კომლიანი სოფლის მშენებლობა.  შემდეგ საოცარი რამ მოხდ, შეიცვალა პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი და პროექტი დავიწყებას მიეცა. ეს არის ქვეყნის სისტემური განვითარება,სადაც არ ვიქნებით დამოკიდებული ინვესტორის შემოტანილ თანხებზე,ამას სჭირდებ სახელმწიფოს ჩართულობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროექტის დასაწყებად ჩვენს ქვეყანაში,მითუმეტეს რომ ეს არ არის ხანგრძლივი პროექტი ხუთი-ექვსი წლის შემდეგ უკვე აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე და საზოგადოებაზე ამ პროექტის სიკეთეები. ჩვენი ქვეყანა მრავალფუნქციურია და სწორედ უნდა გადავანაწილოთპრიორიტეტები, ქვემო ქართლი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის ძალიან საინტერესო კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებით,მთებით,მინერალური და თერმული წყლებითა და კურორტებით რაც საშუალებას იძლევა რეგიონი აქტიურ ტურისტულ ზონად ვაქციოთ და ადგილობრივ მოსახლეობას შევუქმნათ შემოსავლის დამატებითი წყარო. ინვესტორის შემოსვლაც არ იქნება შედეგის მომცემი თუ სახელმწიფოსგან არ იქნება ხელშეწყობა, ხშირად ვიღებდით საოცარ პასუხებს სახელმწიფო მოხელეებისგან ,, არ გამოვა,,  და პასუხი თუ რატომ არ გამოვა დღემდე არ გვაქვს. ზოგადად ოთხივე მუნიციპალიტეტს განსხვავებული ხიბლი და პერსპექტივა ააქვს.

რატომ გადაწყვიტეთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა?

როგორც ავღნიშნე პროექტი ,, გეორგია,, აუცილებელია ქვეყნის  პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანას მსოფლიო რუქაზე არ გაგვაჩნია ფუნქცია, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა დიდი რისკის შემცველიცაა და დიდი პოტენციალის, გააჩნია როგორ წავიყვანთ ქვეყნის პოლიტიკას, უნდა იყო სტრატეგიულად წელში გამართული, ქვეყნის მიზნები და მისწრაფებები ყველასთვის უნდა იყოს ნათელი. ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვეურთიერთოდ მეზობელ სახელმწიფოებს,პარტნიორული და სახელმწიფოებრივი ურთიერთობა ხდება მაშინ როცა ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, უნდა ვეცადოთ და მოვახერხოთ დავამთხვიოთ და ვითანამშრომლოთ. ეს არის პარლამენტში,პოლიტიკაში და ხელისუფლებაში მოსვლის მიზანიც და მიზეზიც,მეტი არაფერი. დეპუტატობა, თანამდებობის პირობა და გარკვეულ სიმაღლეზე ყოფნა გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა ვიდრე ხიბლი და კეთილდრეობა „ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.“ ძალიან მინდა დღეს მოქმედი პოლიტიკოსებისგან გავიგო,რომ მოდიან ხელისუფლებაში კონკრეტული, მიზანმიმართული, ქვეყნის აღმშენებლებისკენ მიმართული გეგმით, მინდა რომ პოლიტიკური ორგანიზაციები გაერთიანდნენ ქვეყნის ინტერესებისთვის, აღორძინებისთვის და არა ამა თუ იმ  პოლიტიკური ძალის დამარცხებისათვის სადაც ძირითად შემთხვევაში არ იციან რა იქნება შემდეგ როცა დაამარცხებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. დაპირები მრავალფეროვანია მაგრამ არცერთს არ ააქვს დასაბუთებული არგუმენტი როგორ შეასრულებენ ამ დაპირებებს, მე თუ ვინმე ამიხსნის ამ დაპირებების რეალურობას, თუნდაც როგორ შეძლებენ პენსიის ოთხას ლარამდე აყვანას,პირველმა შეიძლება მივცე ხმა მათ. ქართველი პოლიტიკოსების ერთ-ერთი  პრობლემაა,რომ არჩევნების შემდეგ თავისი დაპირებების მძევლები ხდებიან და იწყებენ გაუთავებელ თავის მართლებას. ხელისუფლებების შეცდომაა მუდმივად აპელირება წარსულ ცხრა წელზე როცა ქვეყანაში მთავარ ოპოზიციად წარმოდგენილია ყოფილი სახელისუფლებო ძალარომელთაც უამრავი დანაშაული,ცოდვა აქვს ჩადენილიქართველი ერისადა სახელმწიფოს წინაშე, რომელთაც მორალურად არ ააქვთ უფლება ხელისუფლებას მიუთითონ ამა თუ იმ შეცდომაზე. დღეს ოცნება დგას ამ მდგომარეობაში,ხვალ რომ ის იქცეს მტავარ ოპოზიციურ ძალად, მოუბრუნდებიან და იგივე პრინციპით გაუხსენებენ განვლილ,უმოქმედო წლებს. სამწუხაროდ მუდმივად ამ დაყვედრებებსა და ბრალდებებში გავიდა ეს წლები. დღეს ახალ რეალობაში ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს მიდგომა და ერთმანეთს ვესაუბროთ თუ რომელი უფრო მეტს და მნიშვნელოვანს გააკეთებს თავისი ქვეყნისთვის. ვეღარ გაუძლებს ჩვენი ეკონომიკა ხუთ თვეში ერთხეელ მთავრობების ცვლას და არეულ პარლამენტს, რეალურად ქვეყნის გარეთ პოლიტიკური პარტნიორებიც თითქმის არ დაგვრჩა,გვიყურებენ არასერიოზულად და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აღარ ააქვთ.წალკის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა  ეკომიგრანტებისათვის სახლების დაკანონებაა. როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარების გზები?

ეს ხალხი თავიდანვე არასწორედ იქნენ ჩასახლებულნი აღნიშნულ ადგილას, სხვის კერძო საკუთრებაში. ამ სახლების მეპატრონეებს არ დაუკარგავთ უფლებამოსილება თავის ქონებაზე,უბრალოდ დაკეტეს სახლები და წავიდნენ საზღვარგარეთ ამ დროს ჩამოიყვანეს ეკომიგრანტები და პრაქტიკულად სხვის კერძო საკუთრებაში შეასახლეს. დღეს ეს ადამიანები უვლიან  სხვის ქონებას,იცავს რომ არ გაიძარცვოს, არ დაინგრეს და ამავ დროულად მე მინახავს იქ დაბრუნებული მეპატრონეები რომლებმ

აც დაატოვებინეს სახლები სახელმწიფოს მიერ  შესახლებულ ოჯახებს. სისტემური მიდგომა სჭირდება ყველაფერს, სურვილი სჭირდება და იმ ადამიანების სიყვარული რომლებიც შენიანებათ უნდა მიიღო, ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ვალდებულების აღებას თითოეულ მაცხოვრებელზე და მათ პრობლემებზე. ეს ხალხი უკვე ოცდაათი წელია იქ ცხოვრობს მეპატრონეების დაბრუნებასთან

ერთად ისინი რჩებიან ქუჩაში. თეთრიწყაროშიცაა ეს პრობლემა, სოფლებში: წინწყაროში, ირაგაში,აბელიანში არიან ჩამოსახლებული ადამიანები. როცა ეს მუდმივი პრობლემაა და მიზერული გამოყოფილი თანხებით ვერ ახერხებ სახელმწიფო ამ ხალხის საცხოვრებელით უზრუნველყოფას შესაძლებელია თუნდაც წალკის რაიონში არსებული თავისუფალი მიწების და ტერიტორიების მათ მფლობელობაში გადაცემა,დაკანონება და სახლების აშენებაში ხელშეწყობა. დღეს ეს ადამიანები იგივე პირობებშია როგორც ოცდაათი წლის წინ,ქონების მეპატრონეების ნების შემყურე, ამის გადაწყვეტა მხოლოდ სახელმწიფოს  სურვილზეა დამოკიდებული.ვის თვლით საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებს შორის მთავარ კონკურენტად?

ყველა წარდგენილი მაჟორიტარობის  კანდიდატი ერთმანეთის კონკურენტია.  შორს ვარ იმ აზრისგან რომ ოპონენტის დისკრედიტაციით ამომრჩევლების სიმპათიას მოვიპოვებ, ჯანსაღი კონკურენცია  მოტივაციასა და სტიმულს მაძლევს მეტი გავაკეთო ჩემი რეგიონისთვის. ვიმედოვნებ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს სრულად აქვთ გათავისებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება მოსახლეობის წინაშე. ყველას წარმატებას ვუსურვებ . . .

ესაუბრა ნაზი მეშველიანი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here