კულტურა

ემიგრანტის პოეზია  „დილის შუქი ფიქრებს მოსავს“

ემიგრანტის ფიქრები ლექსად

მაია ირემაშვილის პოეზია  „დილის შუქი ფიქრებს მოსავს“

მკითხველი ამჯერად გაეცნობა ემიგრანტ მაია ირემაშვილის  პოეზიას,

გულგრილად ვერ დარჩებით ემიგრანტის პოეზიით, რომელიც სევიდთაა სავსე.მისი  პოეზია სიყვარულს და პატროტიზმს ეხება და მასში გულწრფელად დაინახავთ თანამედროვე ქალის სიხარულს, ტკივილს და სევდას, მაის პოეზია თითქოს ავტოპორტრეტია!

მე დავიბადე კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ შილდაში, სადაც ჩემი ბავშვობის მოგონებებია დაკავშირებული, სადაც მირბენია ფეხშიშველი , ღიმილით და სევდით სავსეს…

უამრავი წლებია მე მარტო მოგონებებით ვარსებობ, ობლად გავიზარდე, ერთი წლის ასაკში მამა გარდამეცვალა და დედამ გაგვზარდა ორი შვილი.და ბოლოს სამშობლოდან შორს მომიწია ყოფნა დღემდე საბერძნეთში ვარ.

სკოლის დამთავრებისთანავე დასრულდა ჩემი ოცნებები, ასე რომ ვთქვათ ბედნიერებაც, რადგან გავთხოვდი, გარიგებით, თუმც რამოდენიმე წელში დავრჩი მარტო, ორ შვილთან ერთად, ჩემი ცხოვრების და სიცოცხლის აზრნი არიან ჩემი შვილები, მათ მივუძღვენი მთელი ჩემი ახალგაზრდობა და სილამაზე…

მე ბედნიერი ვარ მათით. მყავს მშვენიერი და საოცრად კარგი რძალი, რომელმაც მაჩუქა ორი ულამაზესი ფერია გოგო შვილიშვილი… მყავს ერთი ძმა, რომელიც ჩემი სულის ნაწილია.

…მოხუცი დედა…რომელიც უზომოდ მენატრება..

წლების შემდეგ შემდეგ შევისწავლე კულინარია, რომელიც ჩემი გატაცებაცაა და შემოსავლის საშუალებაც. ვქმნი  ხელოვნურ საოცრად ულამაზეს ყვავილებს, ერთი სიტყვით ჩემი სულის და გულის ჰარმონია უერთდება ყვავილების შექმნას, რომელებშიც უდიდეს სიყვარულს ვდებ, თითოეულ ყვავილს ვეფერები ბავშვივით…

ემიგრანტობა ძალიან ძნელია, უამრავ ღამეს ათენებ თვალცრემლიანი, ეგებები დილით განთიადს, სევდამ და ტკივილმა ამაღებინა კალამი და ახლა ვწერ ჩემი სულის ამოძახილს, ჩემს ფიქრებს, სევდიანს და ღიმილიანს… ლექსები გახდა ჩემი საზრდო, მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება… მე პოეტს არ ვუწოდებ ჩემს თავს, თუმც დრო ყველაფერს იტყვის, მიყვარს პოეზია, ლექსების წერა…

უზომოდ მენატრება ჩემი საქართველო, ჩემი სამშობლო! ოჯახი… დედა, რომელიც ჩემი ყველაფერია, მტკივა თითოეული აქ გატარებული დღე, რომელიც მუდამ დანისლულია… ალბათ დადგება დრო, როდესაც ჩვენ დავბრუნდებით სამშობლოში, აყვავებულსა და გაბრწყინებულში… უფალი არ მიგვატოვებს, მე ყველა მიყვარხართ ჩემო ქართველებო, შორიდან გეფერებით… მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს სხვა არაფერი უფალი გფარავდეთ სრულიად საქართველოს და ქართველ ერს…გეფერებით…

….მშვენიერება სახეს გიმოსავს,

თვალებს გიფარავს სევდის იარა,

ნეტავ რას ფიქრობ ასე ტკივილით ,

რომ დაგტყობია გულზედ იარა…

ო, მშვენიერო როგორ შეგეხო,

შეგისუმბუქო ცოტა ტკივილი,

იქნებ სიტყვები უფრო მოგიხდეს

და დაგიამო გულის ჩივილი…

გიყურებ სევდით მაგ თვალებში და

ამოვიკითხე მთელი ცხოვრება,

თითქოს ზვირთებად გადაქცეულნი,

ისე ღელავენ გულის კუნთები…

მშვენიერება სახეს გიმოსავს,

ბაგე გითრთის და თვალნი ბრწყინავენ,

მაგრამ სიღრმეში უძირო სევდა,

ჩაწოლილია როგორც ტკივილი…

რით გიმკურნალო, როგორ შეგეხო,

შიში გამიჩნდა, რომ ვერ მიმიღებ,

რადგან ცხოვრების გაშლილ ფურცლებში,

სხვისი ადგილი უკვე აღარ გაქვს…

ფიქრი წამერთვა, გული მაწამებს,

თვალებს, შენს სახეს ვეღარ ვივიწყებ,

მაგრამ ვაი რომ არ შემიძლია,

მოგიახლოვდე როგორც მბრწყინავ მზეს,

სითბო, გიწილო, გული გაგითბო,

სულზე იარა შეგისუმბუქო,

მაგრამ გეტყვი რომ, კიდევ არიან,

ვისაც გრძნობა და ფიქრი აწამებთ…

…გათენება!… უსასრულო ფიქრი, სევდა,

დაჩრდილული თვალები და

მონატრება,

უძილო თვალს შესევია ცრემლთა ღვარი,

წამწამებზე ისე წვეთავს, ისე წვეთავს!…

განთიადი! დილის შუქი ფიქრებს მოსავს,

გსურს იხილო ცის კიდე და მზის ამოსვლა,

ოღონდ იქით!… იქით!… აქეთ არა,

შენი გინდა საქართველოს ცა და მიწა…

მონატრება მზის სხივები, შუქი მისი,

ის მთები და წალკოტები ედემს რომ ჰგავს,

გინდ იწვიმოს, გინდ ითოვოს, ოღონდ იქით,

გაგითენდეს ისევ დილა! ისევ დილა!…

სიყვარული თან დაგყვება ვითარც ხილვა,

ოცნებეში დანავარდობ როგორც ფთილა,

უძლური ხარ, უსუსური ფიფქებივით,

მხოლოდ ფიქრით უერთდები ისევ დილას…

დილა!…მზეა, თაკარა და ისე ცხელა,

შენ კი გცივა, დაგიზამთრდა თითქოს სულში,

მონატრებას ცრემლთა წვიმა უერთდება,

და ფიქრებით კვლავ მიჰქრიხარ უსასრულოდ…

….ტკივილი!

დანამული სევდა, ღამე და უსასრულო ფიქრი,

სიტყვებით ვერც გადმოვცემ გითხრათ,

ძნელია ემიგრანტის ფიქრი…

შეჰყურებ უცხო სახლის კედლებს,

დარდი კი ფიფქებივით დაჰქრის,

ვინ იცის რომელ კუნჭულს აფენ,

ნისლებით გათენებას ეტრფი…

წყვდიადი, უსასრულო ფიქრი,

თვალები დანამული ცრემლით,

სარკმელთან შეშლილივით ჯდომა

და ზეცას მოლივლივე ნისლი…

ნატრობ და გათენებას ელი,

იმედი არ გიკვდება სევდით,

წამიერ მოფერებას ნატრობ

თუ გინდაც ეს არ იყოს მეტი…

დგახარ და მთვარის შუქზე ლექს სწერ,

ტკივილებს თეთრ ფურცლებში

აფენ, ცრემლებით დაჩრდილული თვალით,

წერაც კი გიძნელდება ვერ სწერ…

ტკივილი, უსასრულო სევდა,

ბავშვივით მოფერება გინდა,

სიცივე უცხო კედლებს ავსებს

და შენ კი უსუსური უმზერ….

ემიგრანტს თუ შეხვდებით სადმე,

თვალებით ამოიცნობთ წამსვე,

წყვდიადი, ნათენები თეთრად და

თვალებს შერჩენილი სევდა…

…თურმე სიშორე არაფერს არ ცვლის,

სიყვარულია ისევ იმ ფერი,

მარტო ტკივილი იმატებს გულში

და მოგონება ზღვისა, ცის ფერი…

გარინდული ხარ, როგორც წყვდიადი,

მთვარე ცის კიდეს ავსებს სიშორით

და შენ ფიქრებით გადარეული,

მთვარეს მოუხმობ ისევ სიზმრებით…

აედევნები ღამეს ლანდივით,

ბილიკს დაფარავ ისევ ნისლებით,

ღაწვებს ჩამოშლილ ცრემლებს შეიწმენდ,

ზეცას გახედავ ისევ იმ გზებით…

ძველი წუთები ბობოქრდებიან,

კვლავ იშლებიან ვითარც ზვირთები

და მონატრებით ტალღებს გააპობ ,

ვით ნაწვიმარი ფიქრის ტვირთები…

სიყვარულია გულს რომ გიტანჯავს,

ფიქრი, უძილო ღამით ჩურჩული,

თურმე სიშორე არაფერს არ ცვლის,

თუკი სიყვარულს გულსა მისცემდი…

მონატრებაა ღამეს რომ შეგშლის,

მთვარეულივით ქუჩებს რომ ესხმი,

უძილო თვალებს დაიფარავ და ისევ

ცხოვრების ბილიკით მიჰქრი….

…..მაია ირემაშვილი….15.05.2020.

მზემ სიყვარულით შეიხსნა ღილი,

ოქროსფერ სხივებს გრძნობა ჩაჰბერა,

ააბრჭყვიალა ირგვლივ მიდამო

და ღიმილებით ნისლი დაფარა…

შემოეხვია ველებს მძივებად,

მთებზე ჩამოწვა ოქროს მანტიად,

ნისლში გახვეულ ფერდებს დაუყვა,

ჩამოეღვარა ცისკრის არშიად…

სადარ იარა!..

სადარ იარა!…

დაღლილ სხეულით მაინც იარა!..

რადგან ვინ იცის

ო, როგორ უმძიმს,

რომ სიყვარულით მთა გადიარა…

გადაიარა ჩამოწვა ბარში,

მინდორ–ველები მოათბო წამში,

თეთრ გვირილებში ოქროს არშიად,

შემოევლო და ნისლი დახია…

ვაზს გაუღიმა, შემოეხვია როგორც ნაწნავი და ვით არშია,

მწვანე ჯეჯილზე ოქროსფერ სხივად დაეყარა

და არც შეარხია…

წამოწვა ვნებით, დაღლილი გზებით

და გაინაბა ვით, ცით განთიადს…

…მაია ირემაშვილი

 

 

 

ხანდახან მინდა ლექსად დავწერო,

ნაფიქრალი და გულის დარდები,

თეთრსა ფურცლებში გული ჩავუდო

და მოვახვიო სულის ჰანგები…

ავაფერმკრთალო სულის სიწმინდე,

გაზაფხულსა და ზაფხულს ვარდები,

ნისლში გახვეულ თეთრ იასამნებს

ჩამოვაშორო წუხილ-დარდები…

კალამს მოვუხმო სულის სიმშვიდით,

ჩავარაკრაკო წმინდა ჰანგები,

მელანს სიცოცხლის სხივი ჩავჰბერო

და სიყვარულის ღამის ვარდები…

ლექსად ავკინძო ტკივილი თუნდაც,

არ ავაჭრელებ ცრემლთა ღვარებით,

სიკვდილ–სიცოცხლის ხაზებს გავავლებ,

ვით ნაფიქრალი გულის დარდები…

ლექსია მუზა, მოსული ციდან,

უფლის გულით და ტკივილ-დარდებით,

მე მის გარეშე ლექსებს ვერ დავწერ

იგია ჩემი ლექსის ჰანგები….

……მაია ირემაშვილი….07.05.2020.

 

ისევ მონატრებით წავიმღერებ,

ისევ მონატრებით დავწერ,

სევდას ცრემლის წვიმას შევადარებ,

თვალებს დაჩრდილულსა ავღწერ…

ფიქრი უსასრულოდ აკინძული,

ნისლი გაფანტული ზეცას,

საით გაფრინდება აკორდები,

გული უნებურად ფეთქავს…

წამწამს შესეული მარგალიტად,

ცრემლი წვიმასავით ერთხმად.

ნოტებს თუ ამირევს არას ვწუხვარ

ვარდის სურნელებას ვყნოსავ…

…..მაია ირემაშვილი….06.05.2020.

 

 

მოამზადა მანანა ლეშკაშელმა

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here