Uncategorized

გარდაიცვალა გივი წერედიანი კლდის ვეფხვის” მიხეილ ხერგიანის თოკის მეწყვილე

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ალპინისტი გივი წერედიანი
უშბის სარკის დამპყრობი, “ბრწყინვალე ექვსეულის“ უკანასკნელი მოჰიკანი…
შეუერთდა მარადიულ სინათლეს….

შხარაზე დაღუპული გურამ თიკანაძის ცხედარი კლდის ქიმიდან სწორედ ახალგაზრდა გივი წერედიანს ჩამოუხსნია

.. დასრულდა ერთი ეპოქა ქართული ალპინიზმის ისტორიისა…

გარდაიცვალა,სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული “უშბის სარკის” დამპყრობი ბრწყინვალე ექვსეულის, “უკანასკნელი მოჰიკანი”…

წავიდა ჩვენგან და მომავალ თაობათათვის სერიოზული განაცხადი დაგვიტოვა.

ადამიანის ამ ქვეყნიური ცხოვრება გაელვებაა ერთი წამისა, თუმცა გივი წერედიანის ამ ქვეყნად განვლილმა 93-მა წელიწადმა საუკუნეები დაიტია…
მან მოასწრო იმდენი, რამდენიც ერთად აღებულ ას კაცს შეეძლო გაეკეთებინა.
ბატონმა გივიმ, კაცობრიული არსებობისთვის განსაზღვრული თითქმის ყველა სფერო მოიცვა და ყველგან სანიმუშო კვალი დატოვა.
სად არ ნახავდით მას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ასპარეზობისას თუ მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, სოფლის ჭირისა თუ ლხინის გაზიარების დროს. ზნეობაზე დაფუძნებით შვილების აღზრდისას, თუ სამაშველო ღონისძიებების შესრულების მომენტში, ყველა სიკეთესთან ერთად იყო მეფუტკრეობის დიდოსტატი, ლამაზად სვანური ტრადიციების დამცველი, მოამაგე და შემნახველი. ყველა ამ ჩამონათვალში გახლდათ პროფესიონალი და საქმის მცოდნე.
რა ჩამოთვლის ყველა იმ ღირსებას, რომელსაც ეს მთაკაცი დაატარებდა თავისი უმშვენიერესი სხეულით.

საქართველო დღეს სამუდამოდ კარგავს მის უღირსეულეს შვილს, რომელმაც საკუთარი ფეხით განვლო კავკასიონის, პამირისა და სვანეთის მწვერვალები.

ის, უშბის ძირას დაიბადა და გაიზარდა.
უშბასთან შეზრდილია, ამიტომაც მკაცრმა, უკარებამ და დაუნდობელმა უშბამ შვიდჯერ გადაატარა მის სხეულზე მთამსვლელი, შვიდჯერვე მშვიდობით გამოისტუმრა შინ.

შევეცდები მკითხველს მივაწოდო მის მიერ განხორციელებული ასვლები.

1958 წლის თებერვალში, განხორციელდა ზამთრის ასვლა თეთნულდზე. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა შოთა ჩართოლანი. ეს ასვლა იყო გივის პირველი ასვლა მწვერვალზე, რომელიც გამარჯვებით დაასრულა მეგობრებთან ერთად.

1962 წელს, მოეწყო ექსპედიცია პამირში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კაკო მარი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ ჩვენი კუთხის შვილები: გივი წერედიანი, პირიბე გვარლიანი, ჯოკია გუგავა, მიხეილ ხერგიანი(უმცროსი), შოთა და ლაერტ ჩართოლანები და სხვები. მათთან ერთად შედიოდნენ ჯგუფში საქართველოს სხვადასხვა კუთხის მთამსვლელები. სვანი მთამსვლელების ერთმა ჯგუფმა, რომელშიც გივი წერედიანი მონაწილეობდა პირველი ასვლა განახორციელეს უსახელო მწვერვალზე, რომელიც ძალიან წააგავდა უშბას, ამიტომ მას „პამირის უშბა“ შეარქვეს.

1963 წლის, 27 აგვისტოს, შხარას მწვერვალზე დაღუპა გურამ თიკანაძე. მისი ჩამოსვენების ორგანიზებაში სხვა მთამსვლელებთან, „ბექნუ ხერგიანის ლომებთან“ ერთად გივი წერედიანი მონაწილეობდა. გივი ამ დროს ყველაზე ახალგაზრდა იყო და მასვე ხვდა წილად კლდის ქიმიდან ჩამოეხსნა გურამის ცხედარი, რომელიც ჩამოასვენეს შხარას ძირში, სადაც მთელი სვანეთის მოსახლეობა ელოდებოდა, როგორც საკუთარ ოჯახის წევრს. ქალიან – კაციანად ყველა ჭირისუფლობდა გურამ თიკანაძეს, სამგლოვიარო საგალობლით „სვანური ზარით“ გააცილეს სვანებმა გურამის ცხედარი.

1964 წლის, მარტის თვეში, „კლდის ვეფხვმა“ შეიმუშავა სტრატეგია და „უშბის სარკეზე“ ასასვლელად „საწვრთნელი“ ასვლა განახორციელა უშბაზე, ცნობილი „გაბრიელის გზით“, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: მიხეილ ხერგიანი( უმცროსი), პირიბე გვარლიანი, გივი წერედიანი და ბაგრატ კვიციანი. სოფელ მაზერში მცხოვრებმა, ცნობილმა მთამსვლელმა, ალმაცგირ კვიციანმა და მისმა ვაჟმა დათიკო კვიციანმა მათსავე ოჯახიდან გააცილებს ცხენებით ალპინისტები გულის მყინვარამდე. უშბამ მიიღო მთამსვლელები და გამარჯვებულები დაბრუნდნენ შინ.

1964 წლის, 8 აგვისტო, დადგა ნანატრი დღე და ჯგუფმა დაიწყო ასვლა „უშბის სარკეზე“, რომელიც 22 აგვისტოს ტრიუმფით დაასრულა.
„კლდის ვეფხვმა“ მიხეილ ხერგიანმა ჩამოაყალიბა უძლიერესი ალპინისტებისაგან შემდგარი ჯგუფი და დაიწყეს მზადება უშბაზე ყველაზე ურთულესი ე.წ. „უშბის სარკის“, მე-6 „ბ“ კატეგორიის კედლის დასალაშქრად. ჯგუფის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მიხეილ ხერგიანი(ხელმძღვანელი), შალვა მარგიანი, გივი წერედიანი, ჯოკია გუგავა, ჯუმბერ კახიანი და უმცროსი მიხეილ ხერგიანი. ამ ასვლის განხორციელებისთვის დაჯილდოვდნენ საკავშირო ოქროს მედლებით.

1965 წელს, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა საკმაოდ რთული და გრძელი ტრავერსის გავლას. მწვერვალ „აილამადან“ – „მისესთაუმდე“. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მიხეილ ხერგიანი – უმცროსი (ხელმძღვანელი), ვალერი გაბელაშვილი, ჯოკია გუგავა, ჯუმბერ კახიანი და გივი წერედიანი.
გივი წერედიანმა თავის მეგობრებთან ერთად 21 დღეში, 20 მწვერვალი დალაშქრა. რაშიც მოიპოვეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და ოქროს მედლები.

1966 წელს, „კლდის ვეფხვმა“ მიხეილ ხერგიანმა გადაწყვიტა „ტიან-შანზე“ მწვერვალ „პობედიდან“ 1961 წელს დაღუპული და 7000 მეტრზე დარჩენილი ილიკო გაბლიანის ნეშტის ჩამოესვენება. გუნდის შემადგენლობაში გივი წერედიანთან ერთად შედიოდნენ: გივი ყალაბეგაშვილი, სერგო ბარლიანი, თამაზ ბაქანიძე, ლაერტ და შოთა ჩართოლანები, პირიბე გვარლიანი, რომან გიუტაშვილი, ჯოკია გუგავა, ჯუმბერ კახიანი, შალვა მარგიანი, ჯუანშერ მუსელიანი, კარლო არღვლიანი, ზაქრო მუშკუდიანი, მარლენ რატიანი და სხვები.
ექსპედიცია „დიკი“-ს მყინვარზე დაბანაკდა. მწვერვალ „პობედაზე“ გასვლის წინ, გუნდმა მიიღო სიგნალი და შეიტყო მთამსვლელთა სხვა ჯგუფის განსაცდელის შესახებ. ქედიდან დაშვებისას გარდაიცვალა ექსპედიციის ხელმძღვანელი, ცნობილი მთამსვლელი ვლადიმერ ვოროჟიშჩევი.
მიხეილ ხერგიანმა მიიღო გადაწყვეტილება, სამაშველო ოპერაციაში ჩართულიყო. მიშას ძალისხმევამ, ქართველ მაშველთა დროულმა ჩარევამ გადამწყვეტი როლი ითამაშა დაღუპულის დაბლა ჩამოყვანასა და დანარჩენი მთამსვლელების სიცოცხლის შენარჩუნებაში. ამ ყველაფერმა ხელი შეუშალა ქართველების ჯგუფს მიზნის მიღწევაში.

1968 წელს, შეიქმნა ახალი ლეგენდა. „უშბის სარკეზე“ არანაკლები მნიშვნელობისა. „უშბის ალპინიადა“ რომელსაც „კლდის ვეფხვი“ მიხეილ ხერგიანი ხელმძღვანელობდა, სადაც 45 კაცი მონაწილეობდა, მათ შორის 72 წლის მოხუცი ალმაცგირ კვიციანი, მანდილოსნები: ლუიზა ნარიმანაშვილი და ლუდა მირონენკო, აგრეთვე 14 წლის, სრულიად ახალგაზრდა ბექა(ევერეზ) ხერგიანი.

 

1973 წელს, გივი წერედიანის ხელმძღვანელობით განხორციელდა მეტად მნიშვნელოვანი ტრავერსი. მწვერვალ „ალიოშა ჯაფარიძიდან“ – „თეთნულდამდე“. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: გივი წერედიანი (ხელმძღვანელი), გელა გუგავა, ზაქრო მუშკუდიანი, ნუგზარ ნიგურიანი და ვალერი რატიანი.
ტრავერსი დიდებულად განხორციელეს და ტრავერსების კლასში საკავშირო ვერცხლის მედლებით დააგვირგვინეს.
ეს ტრავერსი გივი წერედიანმა და გუნდის წევრებმა, მათი უახლოესი მეგობრის, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული „კლდის ვეფხვის“, მიხეილ ხერგიანის ხსოვნას მიუძღვნეს.

 

 

 

1976 წელს, ისევ „ექვსეულმა“ ოღონდ შეცვლილი შემადგენლობით დალაშქრეს „უშბის სარკის“ ახალი მარშრუტი. „უშბის სარკის“ მეორედ დამლაშქრავი გივი წერედიანი და შალვა მარგიანი თავიანთ მოსწავლეებთან: ნუგზარ ნიგურიანთან, ზაქრო მუშკუდიანთან, ლადო გურჩიანთან და ვალერ რატიანთან ერთად ჩვეული ენერგიით განაგრძობდნენ მოძრაობას უშბის კედელზე, რომელიც აგრეთვე გამარჯვებით დაგვირგვინდა.

 

1984 წელის, 29 თებერვალი, უშბაზე ზამთრის ასვლას ახორციელებდა ალპინისტების ორი ჯგუფი, ირაკლი გელდიაშვილისა და მიტო შარაშენიძის ხელმძღვანელობით.
ირაკლი გელდიაშვილის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: დევი თარხნიშვილი, მურად ჭიჭინაძე, გია ტუშური, გოგი ზუმბაძე და დავით კობახიძე მოულოდნელად მოწყვეტილმა ზვავმა გამოასალმა სიცოცხლეს.

დაღუპულ მთამსვლელთა უშბის ქიმიდან ჩამოხსნა და ჩამოსვენება, განახორციელა სამაშველო

 

 

ჯგუფმა, ბატონ გივი წერედიანის ხელმძღვანელობით.
გივი წერედიანი აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგაც აგრძელებდა საქმიანობას, როგორც საუკეთესო მაშველი. ის ორი ათეული წლის განმავლობაში სათავეში ედგა სამაშველო სამსახურს, სადაც უამრავი მთამსვლელის სიცოცხლე გადაარჩინა, ხოლო სოფელ ბეჩოს სკოლებში სათავეში ედგა ახალგაზრდა თაობის აღზრდას, სადაც უამრავი ახალგაზრდა სპორტსმენი აღუზარდა საქართველოს, რომელთა მიღწევებმაც არამარტო საქართველო, არამედ მსოფლიო აალაპარაკა.

2003 წელს, მიხეილ ხერგიანის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გივი წერედიანი საქართველოს მთავრობამ, ალპინიზმის განვითარებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში დამსახურებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა ღირსების ორდენით.

რამოდენიმე დღის წინ ბატონ გივი წერედიანს 93 წელი შეუსრულდა…

ვაგლახ, რომ დაიხურა ერთი ოქროს ფურცელი ქართული ალპინიზმის ისტორიისა, რომელიც ლამაზი ეპოქაა, მისმა წასვლამ დიდად გვატკინა გული.

მე მწამს და მჯერა, რომ მის კვალზე აღიზრდებიან ისეთივე ძლიერი მთამსვლელები, როგორებიც საამაყოდ გვყავდა, არამარტო სვანეთს, არამედ სრულიად საქართველოს!

უფალო, უმრავლე საქართველოს გივი წერედიანისნაირი სახელოვანი ვაჟკაცები!   

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here