ანონსიახალი ამბები

საპრეზენტაციო შეხვედრა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პროექტის – „ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისთვის საქართველოში“ საპრეზენტაციო შეხვედრას უმასპინძლა.

„არ შეიძლება, შემოვიფარგლოთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროს, ვთქვათ, მხოლოდ მკურნალობის ხელმისაწვდომობით და მაღალი ხარისხით და ეფექტურობით, აქ არის მრავალმხრივი ღონისძიებები გასატარებელი, მათ შორის, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და სწორედ ამ კუთხით, მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე და ის თემა, რასაც ჩვენ დღეს შევეხებით, რადგან თამბაქოს მოხმარება დღეს არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სტატისტიკაც არასახარბიელოა, თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით 11 ათასი ადამიანი იღუპება ქვეყანაში წელიწადში და აქედან 3 ათასი არის პასიური მწეველი. მნიშვნელოვანია დღეს ის მოხსენებები, თავისი იმ ახალი კვლევით და ანალიზით, ნებისმიერ გადაწყვეტილება, რომელიც ამ მიმართულებით არის მისაღები, უნდა იყოს არგუმენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დამსწრეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ თამბაქოს სფეროში განხორციელებული კვლევების: “საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება მოწევისა და თამბაქოს კონტროლის პოლიტიკისადმი“ და „ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების გლობალური კვლევის“ შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. „სიკვდილობის სტრუქტურაში მსოფლიო მასშტაბით, წამყვანია არაგადამდები დაავადებები და მათ შორის, ორი წამყვანი-გულსისხლძარღვთა დაავადებები და კიბო, შემდეგ მოდის ფილტვის ქრონიკული დაავადებები და შემდეგ დიაბეტი და ოთხივე ამ წამყვანი დაავადებაზე მოდის სიკვდილობის 60% მსოფლიოს მასშტაბით, ევროპაში – 85% და ჩვენთან-91 %. ამ ოთხი დაავადების ყველაზე წამყვანი რისკ-ფაქტორი გახლავთ თამბაქო. 58 მილიონი ადამიანი კვდება მსოფლიოში ყოველწლიურად, აქედან 6 მილიონის სიკვდილის ძირითადი მიზეზი გახლავთ სწორედ თამბაქო. ეს ციფრები 2030 წლისთვის კიდევ დამძიმდება და ავა 8 მილიონამდე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ორი კვირის წინ, ნიუ იორკში გამართულ გაეროს სამიტზე, მიღებულ იქნა დოკუმენტი „მდგრადი განვითარების მიზნები“, რომელსაც პირველად დაემატა თამბაქო, როგორც ყველაზე დიდი გამოწვევა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მომხსენებელმა ისაუბრა 2010 წელს, ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით ჩატარებული კვლევის შესახებაც და აღნიშნა, რომ თამბაქოს მოხმარების მხრივ, ევროპის რუკაზე საქართველო არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება, ასევე, პრობლემებია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულების მხრივაც. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მუხლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მათ შორის, თამბაქოზე გადასახადების გაზრდის მხრივ, ვერ ხერხდება დახურული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოსგან ასი პროცენტით გათავისუფლება, პრობლემებია თამბაქოს ნაწარმის ლიცენზირების, შემცველობის რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის კუთხით. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, უნდა განისაზღვროს აღსრულების ოპტიმალური მექანიზმებიც. „აღსრულების ოპტიმალური მექანიზმების განსაზღვრა ანუ ყველაზე რთული მომენტი, რომელიც არის, ანუ დარღვევა რომ ხდება, ჯარიმები არის ძალიან სიმბოლური და აღსრულება გახლავთ ყველაზე სუსტი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე განცხადებით, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაშიც.

პრეზენტაციის წარდგენისას მომხსენებელმა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და დამსწრეთ შეახსენა, რომ შექმნილია თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისია, შემუშავებულია თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფოს სტრატეგიის ძირითადი მიზანი გახლავთ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და მათთვის მეტი ჯანმრთელი წლების უზრუნველყოფა თამბაქოს მოხმარების შემცირების და მეორადი კვამლისგან დაცვის გზით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ სტრატეგიის ძირითად მიზნებს შორისაა არასრულწლოვანთა მიერ მოწევის გავრცელების შემცირება ყოველწლიურად 1 %-ით და მოზრდილებში მოწევის გავრცელების შემცირება ყოველწლიურად 2%-ით. მისივე ინფორმაციით, დამტკიცებულია ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამაც. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, წელს გამოიყო პირველად 200 ათასი ლარი ამ პროგრამაზე, მადლობა მინდა მოვახსენო როგორც საკანონდებლო, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის. ამ თანხის 50% მიმართულია სწორედ თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებებზე. ეს პროგრამა სულ უფრო და უფრო უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

პრეზენტაციის წარდგენისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა. თამბაქოს ინდუსტრიის შესახებ ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. მათი განცხადებით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, თამბაქოს შესახებ მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული.“მრავალმხრივი სამუშაოა ჩასატარებელი, მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება და მედია სასურველ ეფექტს ვერ მიაღწევს, საზოგადოების ჩართულობაც მაქსიმალური უნდა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების სახელმწიფო კომისიის, სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

nishara

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts