ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

რუბრიკა “ადამიანები წალკიდან” ნაზი მეშველიანის “ცრემლიანი მივლინება”

რუბრიკა “ადამიანები წალკიდან”
☀️ 2016 წელი იყო, “საქართველოს მოხალისის” პროექტში ჩავერთეთ მე და ჩემი მეგობარი…ერთ-ერთ აქტივობად ნაზი მეშველიანთან სტუმრობა დავგეგმეთ. შეხვედრის მერე ვფიქრობდი, რომ ცოტა ადამიანი თუ მეგულებოდა, ვისაც ასე ძალიან უყვარდა წალკა და გულშემტკივრობდა მას . ნაზი მეშველიანთან შეხვედრამ უდიდესი მოტივაცია მომცა და დამაჯერა, რომ მცირე ამბებით დიდი ამბების დატრიალება შეგვიძლია.
☀️ დღეს კი, ძალიან ვამაყობ, რომ ქალბატონი ნაზის შესახებ ვრცლად მოგიყვებით
✍️ გვიამბეთ თქვენ შესახებ
– საუბარს აფხაზეთიდან დავიწყებ, ოჩამჩირის რაიონში, ცაგერაში, ვსწავლობდი და ჩემთვის ეს წლები საოცარი იყო, რადგან აფხაზეთი ერთხელ მაინც თუ უნახავს ვინმეს, ვერასოდეს დაივიწყებს. მახსოვს, სკოლიდან წამოსული ბავშვები უზარმაზარ ნაძვებს ქვებს ესროდნენ, დამტვერილი ნაძვიდან ყავისფერი მტვერი ადიოდა და თითქოს ღრუბელს უერთდებოდა ბლანტი მასა. ომია, ომი-ი! – ხუმრობდნენ და გაჰყვიროდნენ ისინი. რა ვიცოდით, თუ სულ მალე ჩვენს მზეს ღრუბელი ჩამოეფარებოდა, მიწა ჩვენი ძმების სისხლით მოირწყვებოდა, ჰაერში კი დენთის სუნი დატრიალდებოდა… მეექვსე კლასიდან თბილისში გადმოვედი, გამიჭირდა, ძალიან გამიჭირდა შეგუება. აფხაზეთში, ჩემი სახლიდან სკოლამდე, დიდი მანძილი იყო, გზის გადაღმა კი – ატმების მეურნეობა. გინახავთ ათასობით აყვავებული ატმის ხე? ან გვირილების ზღვა, ნიავი რომ არხევდა… საოცრად მენატრებოდა, მენატრებოდა ზღვის ხმაური, მატარებლის ხმა და, რა თქმა უნდა, თანაკლასელები.
საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, როგორც ჟურნალისტი, აფხაზეთში წავედი და ცხელი წერტილებიდან, პოზიციებიდან გამომქონდა მასალები, ვამზადებდი პუბლიკაციებს, რეპორტაჟებს, რომლებსაც სხვადასხვა მედიასაშუალება იყენებდა. მონაწილეობა მივიღე ტყვეების გაცვლაში, გადავედი დანაღმულ გზაზე, სასწორზე შევაგდე ჩემი სიცოცხლე და იქიდან აფხაზებმა მეორე დღეს დასახვრეტად გამზადებული ხუთი ბიჭის სიცოცხლე მაჩუქეს… ჩემს მონატრებულ სკოლაში შტაბი იყო გახსნილი, ჩემი თანაკლასელი ბიჭები კი მეომრები იყვნენ. ძალიან ძლიერი ბრძოლა მოიგერია ცაგერამ და აჩვენა ვაჟკაცობის მაგალითი. გამოვეცი ნოველების კრებული „ცრემლიანი მივლინება“, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე ომს მივუძღვენი. დიახ, ეს იყო ოცდაოთხი წლის კორესპონდენტის ცრემლიანი მივლინება, საქართველო ომში იყო ჩართული, უთანასწორო ომში, რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, რუსეთს ვებრძოდით. სამწუხაროდ, მაშინაც კი ორ ბანაკად ვიყავით გაყოფილი და ომმაც ვერ შეძლო ჩვენი გაერთიანება, ამიტომ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულიც ვიყავი.
✍️ როგორ უკავშირდება თქვენი ცხოვრება წალკას? რა შეიცვალა წალკაში თქვენი პირველი მოსვლიდან დღემდე?
– თბილისში ვმუშაობდი კორესპონდენტად გაზეთში „სრულიად არასაიდუმლოდ“ და 87-ე საჯარო სკოლაში რელიგიისა და კულტურის პედაგოგად. სამგორიდან გავყევი ავტობუსს თბილისი- წალკა და ასე ავღმოჩნდი წალკაში ხუთი საათის „ჯაყჯაყის“ შემდეგ. განათლების რესსურს-ცენტრში მივედი და „აბა, ვინ წაიყვანს ამ გოგოსო?“ – იკითხა რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ფედია ემინოვმა. არჩევანი დიდი არ იყო – ან წალკის სკოლა, ან გუმბათი, ჰოდა, ქალბატონი დარიკო გურჯიევი მომეწონა და იმას გავყევი, კიდევ 20 კილომეტრით დავშორდი ქალაქის ცხოვრებას. ვერ ვიტყვი, რომ წალკის ბუნებამ და რელიეფებმა მომხიბლეს, პირიქით, ასეთი პირქუში, ტყისა და მთების გარეშე, ვერც წარმომედგინა რაიონი, არც ჩემი ბავშვობისდროინდელი ფერადი სახლები ჩანდა. ასე აღმოვჩნდი გუმბათის საჯარო სკოლაში, გათბობის მაგიერ „ფეჩი“ ღუღუნებდა, ბავშვები სულაც არ ჰგავდნენ თბილისელ ბავშვებს, რაღაც უფრო თბილები და ოდნავ სევდიანები იყვნენ. ახალი სოფელი შენდებოდა და მივხვდი, ვერსად ვერაფერს გავაკეთებდი ისეთს, ვიდრე ამ სოფლის დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღება და ოდნავი წვლილის შეტანა იყო. აკი, ამაზე ვოცნებობდი კიდეც. მე-20 საუკუნის დასაწყისში კრასნოდარის მხარეში, სოჭში, პლასტუნკაში ჩასახლებულების სკოლის დირექტორი ვერა ფრუიძე დეიდაჩემი იყო, ხოლო ჩასახლების მინისტრ ბესარიონ ყურაშვილზე ხომ ხშირად იყო ჩვენს ოჯახში საუბარი, ის ბაბუად მეკუთვნოდა. ბოლნისში, კახეთში, პლასტუნკაში მისი მეშვეობითა და ორგანიზებით ჩამოსახლდნენ მაღლმთიანი სვანეთიდან, ლეჩხუმიდან და რაჭიდან. და აი, მეც მივიღე მონაწილეობა წალკაში ეკომიგრანტების ჩამოსახლებაში, ვბეჭდავდი მასალებს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“, ვწერდი პრობლემებზე, არსებულ სიტუაციაზე, იმაზე, რომ სახლები შეესყიდათ ქართველ მეცენატებს, ვითხოვდით პედაგოგებსა და ექიმებს, სხვადასხვა სპეციალისტებს. გვჭრდებოდა ავრალნოში შსს პოლიციის ქვეგანყოფილების დამატება. ვიყავით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან, რომელმაც ბავშვებისთვის დახმარება გამოგვიყო. მახსოვს, ავტომანქანა „ნივა“ ჩამოვიდა ქუთაისის არასამთავრებო ორგანიზაციიდან და ვიღაცამ მე მიკითხა, სოფელს თბილი ტანსაცმელი ჩამოუტანა. სად არ დავდიოდით მე და სოსო მელაძე, მაშინდელი გუბენატორის ლევან მამალაძის მრჩეველი, როგორც აჭარელი, თავისი ხალხის გულშემატკივარი. ჰოდა, ეს ჩვენი თხოვნის პასუხი იყო. ორად ორი სკოლა იყო ახლადშექმნილი და ჩამოყალიბების პროცესში, სოფელ გუმბათსა და ხარაბაში. წალკაში კი ქართველებს ერთმანეთის დანახვა უსაზღვროდ გვიხაროდა! დარიკო გურჯიევისა და შოთა ჩამჩიევის სახლში ვცხოვრობდი და იმ დღეებს რა დამავიწყებს, ერთხელ მანქანით ვიღაც მოვიდა, ქართველი, როგორ გამიხარდა, ეს საგადასახადოში მუშაობს, მიშა ცქიტიშვილიაო, მითხრეს. მიშა ცქიტიშვილი წალკის რაიონის გამგებელი გახდა შემდეგ და საქართველოს პარლამენტის წევრიც. ბევრი, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა ქართველებს, ამის დაწერას აქ არც ვაპირებ, მაგრამ ცენტრალურ გაზეთებში იბეჭდებოდა ჩემი სტატიები რევაზ მიქელაძის ფსევდონიმით და ვცდილობდი, შექმნილი რეალობა დაენახა ხელუსფლებას და ისტორიას შემორჩენოდა სწორი ფაქტები. გუმბათის სკოლა საოცარი სკოლა იყო, მებრძოლი სულის ადამიანებით დაკომპლექტებული, ერთი ოჯახივით ვიყავით. გურჯიევების ოჯახში ვადგენდით გეგმებს, ვის როგორ დავხმარებოდით, მაგრამ უფრო მეტს მეხმარებოდნენ ჩემი გუმბათელები, წალკამდე მე არავის ვიცნობდი ბერძენს და არც აჭარელს. რადგან, რახან აფხაზეთში ვცხოვრობდი და ნათესავები სოჭში მყავდა, ზღვაზეც კი არ ვყოფილვარ აჭარაში. განსხვავებული ტრადიციები და კულტურა, მრავალფეროვნება – ეს იყო ძალიან საინტერსო და მულტიკულტურა ფეხს იკიდებდა წალკაში. დაცარიელებული სოფლები, მიტოვებული კარ-მიდამო, უპატრონო ძაღლები, რუსულენოვანი ადგილობრივი ხელისუფლება. სასამართლო პროცესის რუსულად წარმართვაზე უარი თქვა მოსამართლე დარჩიაშვილმა: „კარგად ვიცი რუსული, მაგრამ პროცესს რუსულად არ წავიყავან!“- თქვა მან. მისი პატროტიზმი სასამართლოს კარების აჭედვით დამთავრდა, მაგრამ მიუხედავად წინააღმდეგობისა, სოფელ გუმბათში ჩამოჰკრა სკოლის სასიამოვნო ზარმა, ქართველები გამრავლდნენ და სასამართლო პროცესიც ქართულად გაგრძელდა. ახლა კი რა პრობლემებიც დგას წალკაში – ეს ეკომიგრანტების სახლების დაკანონებაა, ისიც გადაწყდება, ქართველებისა და არაქართველების სასარგებლოდ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა არაქართველს, ვინც დაგვეხმარა და ყველას, ვინც ხელი გამოგვიწოდა და ვისაც აქ ვერ ჩამოვწერ.
✍️ – როგორც ვიცით, თქვენ ხართ „თრიალეთის ექსპრესის“ რედაქტორი, როგორ გაჩნდა იდეა, განვითარების რა გზა განვლო გაზეთმა?
– პრესიდან, ჟურნალისტიკიდან მოვედი და ვიცოდი გაზეთის მნიშვნელობა რაიონისათვის როგორც ინფორმირების თვალსაზრისით, ისე დასმული პრობლემების მოგვარებისათვის… ფული არ გვქონდა და გაზეთი როგორ უნდა გამომეცა? ვის არ ვთხოვდი დახმარებას, სად არ დავდიოდი, მაგრამ ამაოდ. 1999 წელს, 15 სექტემბერს, პირველი ნომერი გამოვიდა და დღემდე ნომერი არ ჩაგვიგდია, უხელფასოდაც ბევრი ვიმუშავე. იმ წელს ელდარ ხვისტანი დაინიშნა წალკის გამგებლად, ის დამეხმარა გამოგვეცა „წალკის უწყებანი“. გაზეთი ხელმომწერების იმედად იყო და ნაწილობრივ გამგეობაც მეხმარებოდა, ქართულად და რუსულად გამოდიოდა, რადგან მკითხველი მეტწილად რუსულენოვანი იყო. ფოტოაპარატი მქონდა ფირიანი, ორი სურათი რომ მჭირდებოდა, მთელი ფირი უნდა ამომეღო და დანარჩენი ფუჭდებოდა, მერე ახალი უნდა მეყიდა. მქონდა რუბრიკა „საქართვლოს ისტორიის ფურცლებიდან“, რომელიც იბეჭდებოდა ქართულ- რუსულ ენაზე, ვბჭდავდით თრიალეთის ზეგნისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიას ინტენსიურად. არაერთგვარი რეაქცია ჰქონდა ამას და უსიამოვნებაც არაერთხელ შემხვედრია მის გამო. ამიტომ განათლების სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს ისტორიის სწავლებას როგორც ქართულ, ისე არაქართულ სკოლებში, ვიცოდეთ, ვინ ვართ და როგორ მოვედით დღემდე. ეთნიკური დაპირისპირებაც გვქონდა ამ ხნის მანძილზე, ამას გვერდს ვერ ავუვლით, ჩვენი გაზეთი არამარტო პერიოდიკა იყო, არამედ მედიატორიც არაერთხელ ყოფილა. მაშინ სად იყო კომპიუტერი და წერილებს როგორღაც მიგზავნიდნენ სოფლებიდან. „წალკის უწყებანს“ სახელი შევუცვალეთ და ისტორიული თრიალეთის პატივსაცემად მოვნათლეთ „თრიალეთის ექსპრესად“. დამფუძნებლები არიან რამაზ სუბელიანი, დავით ფარჯიანი, ბესო ფარჯიანი, მარიამ ხიზანიშვილი, ნაზი მეშველიანი. არაერთი სტაჟირება გავიარეთ როგორც სამამულო, ისე უცხოეთში. ამასობაში საქართვლოს დამსახურებული ჟურანალისტის წოდება მომანიჭეს, მაგრამ ყველაზე დიდი წოდება წალკის სოფლებია ჩემთვის, ამდენ ქართველს რომ ვხედავ, გული სიხარულით მევსება. გუმბათელებმა შარშან, სოფლის დღესასწულზე, საპატიო სტუმრის სტატუსით დამაჯილდოვეს. გაზეთი დღემდე გამოდის და კვლავ ერთგული ვრჩებით ლოზუნგისა „ენა, მამული, სარწმუნოება“. ყოველთვის იქ ვართ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება.
✍️ თქვენი აზრით, თქვენმა საქმიანობამ ყველაზე დადებითი რა ცვლილება მოუტანა წალკას?
– პოლიტიკურ-ეკონომიკური გაზეთი „თრიალეთის ექსპრესი“ ქვემო ქართლში, წალკაში, ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკის მატარებელია. წალკელებით ვამაყობ, ზოგმა არც იცის, რამდენი რამე გადავიტანეთ, რომ წალკა დღემდე მოსულიყო, თუმცა ასეთ პროგრესს ნამდვილად მოველოდი, საერთოდ, წალკა ძალიან განვითარდა და ეს აქ მცხოვრები ადამიანების დამსახურებაა – აჭარლებისა და სვანების. მშრომელი და ამბიციური ხალხია და „გუშინდელი“ ჩამოსული ეკომიგრანტი უფრო კარგად ცხოვრობს, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ძირძველი მოსახლეობა. გაზეთი წლებია არასმთავრებო და სახელმწიფო სტრუტურებში ხვდება, ვაგზავნით საელჩოებშიც, რომ წალკის მაჯისცემა ყველამ შეიგრძნოს და იცოდეს. ამ ხნის მანძილზე გაზეთი დაეხმარა მოსახლოებას ერთმანეთთან დაახლეობასა და კულტურის შემეცნებაში. არაერთხელ იყო მედიატორი წარმოქმნილი კონფლიქტებისას. ვიცავთ მოსახლოების ინტერესებს და ვახდენთ ადვოკატირებას სხვადასხვა მიმართულებით. არაერთი პროექტი განხორციელდა, რამაც საშულება მისცა მოსახლოებას საკუთარი წვლილი შეეტანა თანამდროვე პოლიტიკაში, ეკონომიკაში. გაზეთში ჩანართი „ფერმერი“, რომელსაც „მერის- ქოფსი“ აფინანსებდა, ფერმერს დაეხმარა, გაეძლიერებინა თავისი მიკროეკონომიკა. არაერთი საქველმოქმედო აქცია ჩავატარეთ, რომლებშიც ქართველი და არაქართველი მოსახლოება მონაწილეობდა. მაგალითად, 2004 წელს წალკის სპორტულ სკოლაში ხელმძღვანელ ზვიად შენგელიასთან ერთად ჩავატრეთ სპორტიული ღონისძიება, შევაგროვეთ თანხა თბილისში, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწოვანი ბავშვების დასახმარებლად.
თბილისიდან წალკამდე მგზავრობა მაშინ 8 ლარი ღირდა, რამდენი წელი უფასოდ დავყავდი მძღოლებს, რადგან ხშირად გზის ფულიც არ მქონდა, ხელფასის გარეშე ვმუბობდი და გაზეთის გამოცემა არასოდეს ჩამიგდია. ბერძენი კაცი იყო ორთაჭალის სადგურში, თბილისი- წალკის ხაზის მეპატრონე, სახელი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის, რომ ასეთი ადამიანების მხარდაჭერის გარეშე გაზეთი, რომელსც არამარტო ინფორმაციის მიწოდება ევალებოდა, არ იარსებებდა.
 თქვენი აზრით, რა✍️ შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთეს წალკაში ვიცხოვროთ?
1. დღეს სახლმწიფო მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ზედგამოჭრილი სტრატეგიაა, მიკროეკონომიკის ხელშეწყობა მაკროინსტიტუციებს გააძლიერებს და ბიუჯეტიც გაიზრდება. მართალია, ტურიზმს ვერ ვუწოდებთ მყარ ეკონომიკას, მაგრამ ის ერთ-ერთი პრიორიტეტი შეიძლება იყოს ჩვენთვის, აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ბაზრის გაფართოება გვჭირდება,
2. საზაფხული ტურიზმთან დაკავშირებით მეტი ინფორომაცია დედაქალაქში მცხოვრებთათვის, და არამარტო მათთვის. რაღაც ნიშა უნდა მოვიპოვოთ, რომ წალკა მთელმა საქართველომ გაიცნოს, კას-ლენდმა ხომ საერთოდ შეცვალა წალკა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა ექპონატებმა მრავალ ისტორიულ ფაქტს ახადა ფარდა.
3. კარგი იქნება, ვიზრუნოთ და მოვითხოვოთ მუზეუმის შექმნა. ადრე იყო ამაზე საუბარი, შენობაც გამოყვეს, მაგრამ დღეს კი ვართ ექპონატების გარეშე! სახლების შესყიდვის პრობლება ხომ უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ.
✍️ მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ…
– გაზეთი კვლავ აგრძელებს მოსახლოების მხარდაჭერას, მასთან არსებული საიტი მუშაობს. მეტად ჩართული რომ იყოს ახალგაზრდობა ადგილობრივი მედიის საქმიანობაში, ამისთვის ვაპირებთ საქველმოქმედო და შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარებას.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here