Uncategorizedკულტურასაინტერესო ამბები

ზურაბ პაპიაშვილი “ჭირთა გიჩივლებ ბატონო” (ნარკვევი)

 

გთავაზობთ ზურაბ პაპიაშვილის – ისტორიულ ჰერეთში მოღვაწე პოეტის, მწერლისა და მთარგმნელის ნარკვევს გიორგი ლეონიძის ,,ყივჩაღის პაემანის“ შესახებ.

ვფიქრობთ, მკვლევარის მიერ დანახული და წარმოდგენილი  არგუმენტები გარკვეულ ჭეშმარიტებამდე მიიყვანს ლექსით დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

 

 

ალბათ ყველა ქართველისთვის ცნობილია გოგლა ლეონიძის ლექსი-შედევრი ,,ყივჩაღის პაემანი”, მაგრამ უმრავლესობამ, სავარაუდოდ არ იცის, თუ საიდანაა აღებული ამ ლექსის სიუჟეტი.
ქართულ ფოლკლორში კარგადაა ცნობილი ხალხური ლექსი “შემომეყარა ყივჩაღი”-ს მუხრანული ვარიანტი. (არის აგრეთვე სხვა ვარიანტებიც, რომლებიც პრაქტიკულად ორიგინალის “გადამღერებაა”, რაც აგრერიგად გვიყვარს ქართველებს).
გოგლა ლეონიძემ მისთვის ჩვეული ოსტატობით, ეს ტრაგიკული დრამა ულამაზეს ლირიულ ლექსად აქცია. “ყივჩაღის პაემანის” მიხედვით ყივჩაღი, ქალის საყვარელია, რომელიც ქმარმა მოკლა და “ათასი წლის შემდეგ”, გაუნელებელი ტრფობის ძალით აღდგა.
“… ისევ აღვსდექი, მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს…”
არაერთგზის განცდილი გრძნობის მონატრება იგრძნობა მის სიტყვებში:
“შენი ტუჩები ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურულ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა”…
ავტორის მიერ, აქ “რუსთაველის ზაფხულის” ჩართვა, მათი მიჯნურობის დასაბუთების უტყუარი მცდელობაა.
ყივჩაღი ნანობს, რომ ბადაგით მთვრალმა შეცდომა დაუშვა, ქალს მიეფერა და სიყვარული გაამჟღავნა:
“ნეტავ ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა…”
მიუხედავად მათი სიყვარული ამბავის შექმნისა, ავტორი გრძნობს, თუ რარიგ სახიფათო საქმეს მოჰკიდა ხელი და შეიძლება მკითხველის გულისწყრომა დაიმსახუროს, ტაძრების დამლეწავ ყივჩაღისადმი “სიმპატიის გამო”. დგება რა ერის ინტერესის მხარეზე, თავად ყივჩაღს ათქმევინებს:
” მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი.
მაგრამ თვითონაც დაილეწება
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი
თავი შუაზე გადამიჩეხა”.
აქ პოეტი მტკიცედ დგას ქვეყნის ერთიანობის და სიმტკიცის სადარაჯოზე მყოფ ქმრის მხარეზე და მასთან ერთად მუსრავს ყივჩაღს, არა ეროვნებით, არამედ ყივჩაღს, როგორც დამპყრობელს!
რაც შეეხება ქალს, მას იგი სწირავს ლამაზი ლექსის გამო, რადგან, როგორც მოგახსენეთ, სიუჟეტი იმდენად მშვენიერია, რომ შეუძლებელია უარი თქვას მასზე ხელოვანმა. ამიტომაცაა. ეს ლექსი-შედევრი.
“მოდი მომხვიე ჭრილობას ხელი,
ვეღარას ვხედავ, სისხლით ვიცლები”
ეს სიკვდილისწინა დაემშვიდობებაა საყვარელ ქალთან, რომელსაც აღდგომის შემდეგ მგზნებარედ უხმობს:
” მოდი! გეძახი ათას წლის შემდეგ
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის არის ნიშანი
და დრო ახალი პაემანისა!”
განცდილის ხელახლა განცდის ჟინი მძვინვარებს მიჯნურის სიტყვებში, ხოლო ციტატა ” ვეფხისტყაოსანიდან” ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის შეყრის ჟამისა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ყივჩაღისა და ქალის მიჯნურობის შესახებ ავტორის პოზიციას.
რაც შეეხება ხალხურ ლექსს- “შემომეყარა ყივჩაღი”- ს, საოცარი სიცხადით გადმოსცემს იმ პერიოდის ყოფას, რომელშიც შეიქმნა ლექსი და რომელზე დაყრდნობითაც ვეცდები იმ რეალური სურათის დახატვას, რამაც აიძულა “ყივჩაღის მკვლელი ქართველი ვაჟკაცი” თავი ემართლებინა, ამ მკვლელობის გამო! დიახ, “შემომეყარა ყივჩაღი” სასამართლოზე თავის მართლების უნიკალური ნიმუშია. თუ კარგად დავუკვირდებით ლექსი რა სიტყვებით იწყება, ეჭვი აღარ შეგვეპარება ამ ვარაუდის ჭეშმარიტებაში:
“ჭირთა გიჩივლებ ბატონო,
ჩემი და ყივჩაღისათა”
ამ ტაეპიდან იგრძნობა, რომ მთხრობელი დაბალი ფენის წარმომადგენელია (გიჩივლებ, აქ იგულისხმება გიამბობ. აჭარულ კილოში დღესაც იხმარება “რას ჩივი” ანუ რას ამბობ), რომელიც “ბატონის”, სავარაუდოდ მოსამართლის წინაშე აპირებს თავი იმართლოს, თუ რატომ მოკლა ყივჩაღი:
“შემომეყარა ყივჩაღი მუხრანის ბოლოს ველზედა…”
აქ ცხადი ხდება, რომ დამხვდურმა იცნო, მომხვდური ქართველი არ იყო. მაგრამ ხომ შეიძლებოდა იგი ლეკი, დიდოელი, თურქი, სპარსი, ან ნებისმიერი სხვა ყოფილიყო, მაგრამ არა! მან უტყუარად იცნო, რომ იგი ყივჩაღი იყო!
მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა საქართველოში ჩამოასახლა 40000 ყივჩაღური ოჯახი და დაუწესა ოჯახის ერთ წევრს მუდმივ ჯარში სამსახური. ამით მან მიიღო რეგულარული ჯარი და სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი. საფიქრებელია, მათ ეცვათ მეფის მეომრის განსხვავებული სამოსი და მიტომ იცნო შეხვედრისთანავე ქართველმა, რომ იგი იყო ყივჩაღი და არა სხვა ვინმე და დახვდა მოყვრულად. საინტერესოა ლექსის მსვლელობისას წარმოქმნილი ნიუანსები, ამიტომ მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და დავადგინოთ, თუ რატომ იქცევიან მასპინძელი- ქართველი და სტუმარი- ყივჩაღი ისე, როგორცაა გადმოცემული ლექსში:
“პური მთხოვა და ვაჭმევდი ვურჩევდი თავთუხისასა,
ხორცი მთხოვა და ვაჭმევდი ვურჩევდი ხოხობისასა,
ღვინო მთხოვა და ვასმევდი ვურჩევდი ბადაგისასა”…
ანუ, მან თავად კი არ მოიპატიჟა სუფრაზე, არამედ ყივჩაღმა მოითხოვა! აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას ჰქონდა ამის უფლება. საფიქრებელია მეფის რეგულარული ჯარის მხედარი, იმ დროს მეფის დადგენილი კანონით სარგებლობდა, რომელიც ითვალისწინებდა დაბალი ფენის მოსახლეობის მხრიდან ამ ტიპის მოთხოვნების შესრულებას, ანუ მეომარის დაპურებას. ბუნებრივია, ამ ტიპის ბრძანება არ შეეხებოდა აღმატებული ფენის წარმომადგენლობას_თავად- აზნაურობას, თან მაღალი წრის წარმომადგენელი, ამალის გარეშე, მეუღლესთან ერთად, მარტო არსად წავიდოდა, აქედან დასკვნა: ქართველი კაცი არ არის, არც მაღალი წრის წარმომადგენელი, არც მეომარი! იგი დაბალი წრის წარმომადგენელი, ანუ ყმა- გლეხია და მორჩილად ასრულებს თავის მოვალეობას მანამ, სანამ მომხდური უფლებებს არ გადააჭარბებს, რაც თავიდან მოულოდნელი აღმოჩნდება და დააბნევს დამხვდურს:
“ცოლი მთხოვა და ვერ მივეც,
მიმყავდა სიდედრისასა”
აქ იმას კი არ ამბობს, რომ სიდედრისას მიმყავდა და იმიტიმ ვერ მივეციო, აღნიშნავს ცოლი იმიტომ ახლდა, რომ სიდედრისას მოჰყავდა, შემდეგ ცდილობს განმარტოს, თუ რატომ ვერ მისცა ცოლი:
” ანდა ცოლს როგორ მივცემდი”
აქედან გამომდინარე იგი ამბობს: რაც ეკუთვნოდა მივეცი და რაც არა როგორ მიმეცაო. აქ მისი ორჭოფობა მიგვანიშნებს იმ ავბედით დროზე, როცა ყმა გლეხის ქონებაც და ცოლიც მის ბატონს ეკუთვნოდა ( ბიბლიიდან ცნობილია როგორ მოაკვლევინა დავითმა ომში ღალატით ქმარი, რათა ცოლი ხელში ჩაეგდო. ცნობილია როგორ წაჰგვარა ქალი მეფე ლაშა-გიორგიმ თავის პირად მცველს, ცნობილია ბატონთა თავგასულობა ჟინის მოკვლისა _ გლახის ნაამბობი, შოტლანდიელების მიმართ ინგლისელ ბატონთა პირველი ღამის უფლება და სხვა მრავალი. ასე რომ მსგავსი რამ არ იყო უცხო იმ პერიოდის ყმა-გლეხისათვის. ზოგი ეგუებოდა, ზოგი კი სამაგიეროს უხდიდა, უუპატიურებდა ბატონს ან ცოლს, ან ქალიშვილს და ტყეში ყაჩაღად იჭრებოდა).
თუმცა შექეიფიანებული ყივჩაღი, გრძნობს რაა საკუთარ უპირატესობას უბრალო გლეხთან, არად აგდებს მას და სურვილის შესრულებას უტიფრად ლამობს:
” ხელი მოხვია, აკოცა, მოზიდა ნაწნავს თმისასა,
შესტირა საბრალო ქალმა ვაჰ ცოლსა ცუდი ყმისასა!”
აქ ნათლად ჩანს, რომ ქალის არა თუ არ უყვარს ყივჩაღი (გოგლას ვარიანტის საპირისპიროდ), არამედ სძულს იმ მომენტში და თავის დაუცველობას ტირის…
ამის შემხედვარე კაცში იფეთქებს ქართველისთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი თავმოყვარეობა:
“მეც გულმა ვეღარ გამიძლო მოვზიდე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო ჰგავდა ელვასა ცისასა”
აქ ნათელი ხდება რომ ყივჩაღი მეომარია. იგი ქალს ეფერებოდა, მაგრამ როგოორც კი დაინახა ქმარი ხმალს იღებდა, დაასწრო და თავად მოუქნია.
” მაგრამ დაუცდა მუხთალსა, ვენაცვლე მადლსა ღვთისასა,
ახლა მეც გადავუშხივლე ვენდე მადლს ლაშარისასა,
გავჭერი ცხენი და კაცი, წვერიმც ვუწვდინე ქვიშასა”
დიახ! არ გაწირა ღმერთმა ნამუსის, ოჯახის და სამშობლოს დამცველი კაცი

მუხთალის ხელით სასიკვდილოდ და თავად იგი მოაკვლევინა:
“არ იყო ღირსი, წავიდა, ცქერის ნათელი მზისასა,
ცოლი სიდედრსა მივგვარე, ხოლო ის იქ სჭამს ქვიშასა!
ეს არის განსასჯელის სკამზე მჯდომი კაცის თავის მართლება კანონის წინაშე, თუ რატომ მოკლა ყმა-გლეხმა მეფის ჯარისკაცი.
სხვათა შორის სხვა ვარიანტიცაა ცნობილი , სადაც მავანმა” მელექსემ” სცადა საკუთარი კვალის დამჩნევა ლექსისთვის და ქართველი ქალის სახელის შებღალვა შემდეგი ვერსიით:
” მე აქეთ ვკვდები, ის იქით, ცოლო წავიდა სხვისასა”
ეს ძალიან უსუსური და უაზრო მცდელობაა ამ უნიკალური ლექსის გაუფერულებისა. ანალოგიურ სტროფად მიმაჩნია ვეფხისტყაოსანში :
“… ვწერ ვინმე მესხი მელლექსე მე რუსთაველის დამისა”.
ამრიგად გოგლა ლეონიძის ულამაზესი ლექსის_ ყივჩაღის პაემანი” და ხალხური შედევრის _ “შემომეყარა ყივჩაღი”- ს განხილვით მოგაწოდეთ ის ვერსია, რაც მე აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიმაჩნია. დანარჩენი მკითხველის ნებაა. უნდა_ მიიღებს ამ ვერსიას, არ უნდა _ არა.

ზურაბ პაპიაშვილი

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here