ანონსიახალი ამბებიკულტურა

ზურაბ მამულაშვილი – 7 პოეტური კრებულის ავტორი და გინესის რეკორდსმენი!

     ზურაბ მამულაშვილი – პოეტი, ჟურნალისტი, მსოფლიოში ასაკით ყველაზე დიდი – 77 წლის ამპუტანტი ფეხბურთელი.

     ბატონი ზურაბი პირველად თბილისში, ზადუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ გამომცემლობაში გავიცანი. სულ რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა, გავიცანი როგორც წარმატებული ფეხბურთელი, ოლიმპიური ჩემპიონი, გინესის რეკორდსმენი, ასაკით ყველაზე დიდი ფეხამპუტირებული მოთამაშე მსოფლიოს ფეხბურთში.

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ის ამავე გამომცემლობაში ფურცლებით გამოცხადდა, ვკითხე – თქვენც ხომ არ წერთ ლექსებს?

გავოცდი, როდესაც გავიგე რომ ის იყო მართლაც უდიდესი პოეტი 7 ლექსთა კრებულის ავტორი და შემრცხვა რომ დღემდე მე მის შესახებ არაფერი ვიცოდი.

გადავწყვიტე მასზე რაიმე დამეწერა, ჩვენი ვერ შეხვედრა სხვადასხვა გარემომ  განაპირობა, თუმცა მან მომაწოდა რამდენიმე წყარო, რომელიც ამ სტატიის დაწერაში დამეხმარა.

ვფიქრობ, მის შესახებ მართლაც უამრავი რამ შეიძლება დაიწეროს და ითქვას. ადამიანი, რომელიც პირველი დანახვისთანავე გაქცევს დიდი შთაბეჭდილების ქვეშ და თავის კვალს ტოვებს მისი განვლილი გზით, შემოქმედებით და ადამიანობით – ის არის უკეთილშობილესი, პატრიოტი ქართველი, საოცრად უყვარს ადამიანები და ფეხბურთი, ალბათ, სწორედ ამიტომაცაა მისი შემოქმედება ასე გაჟღენთილი ადამიანური გრძნობებით – სამშობლოს, ქალის სიყვარულით, მის ლექსებში დიდი ადგილი უჭირავს ქართული ენის თაყვანისცემას.

ბატონმა ზურაბმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგას უარავი წარმატება მოუტანა სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა ქვეყანაში. ის დღემდე აქტიურადაა ჩართული სპორტულ ცხოვრებაში.

ბატონ ზურაბს 75 წლის იუბილეს ულოცავს საქართველოს მწერალთა კავშირი.

მწერლის გაზეთის ნომერი 4 -31 გაზეთი იუწყება:

„1966 წელს გაზეთ „სამგორში“ გამოქვეყნდა პირველი ლექსი „შენ მომავალი გეძახის“. რომელიც დიდ შოთა რუსთაველს ეძღვნებოდა. მას შემდეგ თქვენი ლირიკული და საბავშვო პოეტური ლექსები პერიოდულად ქვეყნდება ჩვენს სალიტერატურო ჟურნალ – გაზეთებში, გამოდის ცალკე წიგნებად.

ზურაბ მამულაშვილი არის შვიდი პოეტური კრებულის ავტორი – „მეორე დაბადება“, „ქალი, ქალი და კიდევ ქალი“, „ხსოვნა გულისა“, „გმადლობ უფალო“, „ამ წუთისოფლის გზაზედა“…

ზურაბ მამულაშვილის კალამს ეკუთვნის საბავშვო ლექსების წიგნი – „აჭია და ბაჭია“.

ის წლების განმავლობაში მოღვაწეობს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ ლინოტიპისტად, გაზეთ „თბილისის“ კორესპონდენტად, გაზეთ „იმერეთის ნიავის“ პასუხისმგებელ მდივნად. ხელმძღვანელობდა მაქსიმ გორკის სახელობის კულტურის სახლის ლიტერატურულ წრეს.

მას წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ მიანიჭა ქართული ელიტის პოეტისა და წლის საუკეთესო პოეტის წოდება, წმინდა ილია მართლის ორდენი, გაზეთ „ივერიის“ პრემია. დაჯილდოებულია გიორგი ლეონიძის სახელობის პრემიით.

ძალიან საინტერესოა თუ რას წერს „სრულიად საქართველოს გაზეთი“ ზურაბ მამულაშვილის შესახებ. ნომერი 11. 2014, რომელიც მის რამდენიმე რჩეულ ლექსსაც აქვეყნებს.

„ზურაბ მამულაშვილი ჟურნალ „ნიანგში“ გავიცანი. იქ იბეჭდებოდა მისი პირველი ლექსები, შემდეგ ჟურნალი „ღიმილი“ , „ნუგეში“ და უკვე აღიარებული ჟურნალისტებისთვის საასპარეზოდ გაღებული იყო ყველა კარი. ჩვენი დაახლოებაც მისმა ხალასმა ნიჭმა, ღიმიალიანმა შეხვედრებმა და კეთილმეგობრულმა ურთიერთობამ განაპირობა. ზურაბის კალმის ნაჟურს ხშირად ვხვდებოდი საქართვლოს ჟურნალ-გაზეთებში და მიხარია, რომ იგი უკვე აღიარებული შემოქმედი, ჭეშმარიტი მოღვაწე ამაგდარი მამულიშვილია.

რა სწრაფად გაურბენია წლებს, ჩემო ზურაბ, თუმცა ვერაფერი დაუკლია წელთა მდინარებას, პირიქით, შენდა და ჩვენდა სასიკეთოდ პოეტურ ნაფიქრალს, ნაღვაწს მომატებია აზროვნება, სიღრმე, სიდარბაისლე, გონიერება, ხარ ისევ ისეთი ომახიანი, გაუტეხელი, ჭირთამთმენი, შემართული.“ – წერს ვალერიან მამუკელაშვილი.

ბატონ ზურაბს სხვადასხვა პერიოდში როგორც პოეტს და ილია მართლის ორდენოსანს იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე.

საინტერესოა რას ამბობს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო ორგანოს ნომერი 2 (78) აპრილი-ივნისი, 2017 წლის გამოცემა.

ბიულეტენის ამ ნომერში ბატონი ზურაბის უდიდესი სიყვარული და თანადგომაა ხაზგასმული აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების მიმართ.

„ბატონ ზურაბს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს აფხაზეთთან. მონაწილეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილ თბილისისა და აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა შეხვედრებში. ამაყობს იმით რომ მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა მას პირადად გადასცა გამარჯვებულის პრიზი. მონაწილეობდა მათივე ინიციატივით მოწყობილ ნარდის ჩემპიონატში აფხაზეთისა და ქ. თბილისის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გუნდებს შორის. ამ ჩემპიონატში ბატონმა ზურაბმა პირველი ადგილი დაიკავა.

ზურაბ მამულაშვილმა თავისი საინტერესო, შინაარსიანი შემოქმედებით და სპორტული ცხოვრებით, გაუტეხელი სულით დაამტკიცა რომ ის არის არა შეზღუდული შესაძლებლობლის, არამედ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე.“ – მედეა ზუხბაია.

77 წლის ბატონი ზურაბი ცხოვრების ფერხულში კვლავაც აქტიურად და დიდი ხალისითაა ჩართული – ის კვლავაც ემზადება ახალი ჩემპიონატებისთვის, თავის პოეტურ შემოქმედებას ავსებს ახალი სიცოცხლით.

მე მჯერა ჩვენ კვლავ შევხვდებით და მას მკითხველი სულ სხვა, უფრო სიღრმისეული რაკურსით გაიცნობს!

მანანა ლეშკაშელი

 

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here