ანონსიახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას ეცნობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ სამინისტროების ანგარიშების მოსმენას იწყებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სამ საკომიტეტო სხდომაზე კანონმდებლები აღმასრულებელი ხელისუფლების შვიდი უწყების ხელმძღვანელი პირებისგან გაწეული საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმების თაობაზე ინფორმაციას გაეცნობიან.

ანგარიშის წარმოდგენისთვის საკომიტეტო ტრიბუნა პირველად იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე ბარამიძეს დაეთმო. მომხსენებელმა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა და მართლმსაჯულების სისტემის მრავალეტაპიან პროცესზე ისაუბრა.

ალექსანდრე ბარამიძე: „მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, სერვისების მიწოდების არეალის გაფართოების მიზნით ინფრასტრუქტურული განვითარება, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა კოდექსი და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა – ეს ის მიმართულებებია, რომლებიც სამინისტრომ სისტემის რეფორმირების პროცესში განახორციელა და თანამედროვე სტანდარტების უზრუნველსაყოფად უწყება რიგი სიახლეების დანერგვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“.

ძირითადი მოხსენების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატები საქართველოდან ჩვილ ბავშვთა გაყვანის და სუროგაციის საკითხებით დაინტერესდნენ. ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, სამინისტრო აღნიშნულ თემებზე როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის კუთხით, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა სისტემის და ნორმების მოწესრიგება მოხერხდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა. მომხსენებელმა უწყებაში გატარებული რეფორმის შედეგად ცალკე ჩამოყალიბებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებებსა და განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სამინისტროს სისტემის გამჭვირვალეობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად უწყების ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის სამმართველო შეიქმნა. გასული წლის ოქტომბრიდან კი სამინისტროში საქმიანობა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფმა, რომლის საქმიანობაც ევროპელი ექსპერტების მიერ დადებითად ფასდება. მინისტრის მოადგილემ სამინისტროს კანონშემოქმედებით პროცესზეც ისაუბრა და ყურადღება სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა ხელყოფის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სანქციების გამკაცრებას შეეხებოდა. შალვა ხუციშვილმა სამომავლო გეგმებზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესზე საუბრისას, ცალკე გამოყო „დნმ ბანკის“ პროექტი, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და რომელიც, მისივე შეფასებით, დანაშაულის გახსნის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს.

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საინტერესო და სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენისთვის მომხსენებლებს მადლობა მოახსენა და აღნიშნა, რომ სამინისტროებში სიახლეების დანერგვის შემდეგ მათი საქმიანობის გაცნობა კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მისივე განცხადებით, კომიტეტი სამინისტროებთან და მათ საპარლამენტო მდივნებთან თანამშრომლობას და კომუნიკაციას წარმატებით იყენებს და აღნიშნული ურთიერთობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა ერთობლივი მუშაობით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში მაღალი სტანდარტები იქნეს დანერგილი.

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა, მოქალაქე ბაკურ კიღურაძის საკანონმდებლო წინადადებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას მხარი დაუჭირეს.

nishara

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts