ახალი ამბებიკულტურა

გარდაიცვალა დიდი მაესტრო!

 

 

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის გურამ ყურაშვილის ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი გურამ ყურაშვილი.
ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა გურამ ყურაშვილმა 1981 წელს აფხაზეთში, ქ. სოხუმში მოზარდთა ინტერნაციონალური კაპელას ჩამოყალიბება იტვირთა. მის მიერ შექმნილმა კაპელამ კი 1981-1992 წლებში დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ევროპის არაერთ ქვეყნაში, საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსების I ადგილისა და გრან-პრის შეუცვლელი მფლობელი გახდა.
გურამ ყურაშვილის მიერ შექმნილი ეს კოლექტივი მალე მთელ საბჭოთა კავშირსა და ევროპაში აღიარებულ საკონცერტო გუნდად იქცა. ხოლო გურამ ყურაშვილს კი, როგორც ქორმაისტერს, პარალელურად მასტერკლასების გამართვას სთხოვდნენ კიევში, რიგაში, მოსკოვში, ინგლისსა და იტალიაში, რაც ქართული საგუნდო შემსრულებლობის იშვიათი გამარჯვება იყო.
1995 წლიდან გურამ ყურაშვილი არის ქ. მოსკოვში, სადაც რუსეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად გახდა ერთ-ერთი ფუძემდებელი ამერიკული საგუნდო და კვარტეტული მუსიკის ფესტივალისა „ბარბერ-შოფ“, რომელიც წლების განმავლობაში ქ. სანკტ-პეტერბურგში იმართებოდა. 1998-2004 წლებში ის იმყოფება სკანდინავიის ქვეყნებში და მონაწილეობს ნორვეგიისა და შვეციის საგუნდო მუსიკის პროექტებში.
გურამ ყურაშვილი 2005 წლიდან აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოწვევით ისევ საქართველოშია, ქ. თბილისში და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მმართველია. 2007 წელს ის ანსამბლის ბაზაზე ახალგაზრდა მომღერლებისაგან აყალიბებს კამერულ გუნდს, რომლის სახელსაც ისევ მხოლოდ წარმატებები დაუკავშირდა.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ 2008 წელს უნგრეთის ქ. დებრეცენში „ბელა-ბარტოკის სახელობის“ თანამედროვე საგუნდო პროფესიული მუსიკის კონკურსზე III-ე ადგილი დაიკავა ევროპის მასშტაბით. მას ასევე გადაეცა დიპლომი – „ბელა ბარტოკის სახელობის 23-ე საერთაშორისო საგუნდო მუსიკის აღმოჩენა“. 2010 წელს კაპელამ ისევ მოიპოვა ამავე კონკურსის დიპლომი ადგილობრივი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის.
2012 წელს აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ წარმატებით ჩაატარა საკონცერტო ტურნე ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ბარსელონას საერთაშორისო კონკურსზე „მონსერატის ოქროს ხმები“ გრან-პრის მფლობელი გახდა.
აგერ უკვე რამდენი წელია, რაც საქართველოს და თამამად შეიძლება ითქვას, უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის მსმენელი გულმოდგინედ ელის აფხაზეთის კაპელას კონცერტებს. მიზეზი მარტივია, გულგრილად ვერავინ რჩება, როდესაც მის მიერ შესრულებულ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ერთმანეთისგან სტილისტურად განსხვავებულ, საგუნდო მუსიკის ჭეშმარიტ შედევრებს ისმენს. სპეციალისტების შეფასებით „ხმათა დახვეწილობა, ტემბრთა შეწყობა, ანსამბლურობის უმაღლესი დონე, საშემსრულებლო სირთულეების დაძლევა, თანამედროვე რეპერტუარი და ახალგაზრდული შემართება“ ამ გუნდის სავიზიტო ბარათად იქცა.
ბოლო წლებში თბილისში გამართული საგუნდო მუსიკის ფესტივალზე, ისევე როგორც ზოგადად, ბოლო პერიოდის ქართულ საგუნდო შემსრულებლობაში, აფხაზეთის საგუნდო კაპელა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო და სიახლეებით აღსავსე კოლექტივად აღიარეს, რისი მთავარი ფაქტორიც გურამ ყურაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი, საქმის უბადლო ცოდნა და მისადმი უაღრესად თავდადებული დამოკიდებულება იყო.
მაესტრო გურამ ყურაშვილს, ქართული საგუნდო სივრცის თვალსაჩინო წარმომადგენელს, შარშან „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 2015 წლის საკონცერტო პროგრამისათვის“ გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გურამ ყურაშვილმა საკუთარი საქმით, პროფესიონალიზმით, ხელწერით მნიშველოვანი წვლილი შეიტანა, აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებაში, რისთვისაც ღირდა სიცოცხლე. თუმცა ძალიან სამწუხაროა და დასანანია, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი. ნათელში იყოს მისი სული და მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts