ანონსიკონტაქტი

რინგო სთარისა და ჩარლი ჩაპლინის სახლები – ქართველი დიზაინერების წარმატება ამერიკაში

თბილისში არქიტექტორთა წრეში სერგო ანთაძეს და თინათინ გიორგაძეს კარგად იცნობენ. ისინი ამჟამად ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჟელესში ცხოვრობენ. რაც მთავარია, წარმატება და აღიარება არც ამერიკაში აკლიათ და ეს სოლიდურ სამშენებლო პროექტებში მათი მონაწილეობით დასტურდება. ხვადასხვა  პრესტიჟული  ამერიკული გამოცემები ხშირად წერენ მათ მიერ წარმატებულად განხორციელებულ პროექტებზე. გარდა ამისა, თინიკო და სერგო იმ  იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთა კარიერული წინსვლა სრულ ჰარმონიაშია ოჯახურ იდილიასთან და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მათთან ყოველ შეხვედრას. ამჯერად ჩვენ ამერიკაში მყოფ თინიკო გიორგაძესთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა.
“ჯეონიუსი” გთავაზობთ ქართველ დიზაინერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს:

_ თინიკო, ზუსტად იმ დროს გაემგზავრეთ ამერიკაში, როცა თბილისში საკმაოდ დატვირთული კარიერა გქონდათ. მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ ახალი ცხოვრება ამერიკაში?

_ სიმართლე გითხრათ, ორივეს, მეც და სერგოსაც იმაში გაგვიმართლა, რომ ამერიკაში თავიდანვე უშუალოდ ჩვენი პროფესიით დავიწყეთ მუშაობა. 2002

წელს, როცა ამერიკაში ჩავედი, პენსილვანიაში სამშენებლო კომპანიაში დიზაინერ-არქიტექტორის პოზიცია შემომთავაზეს, სადაც 4 წელი დავრჩი. მაშინ

ძირითადად ტექნიკურ ნაწილში ვიყავი ჩართული, დიდად შემოქმედებითი სამუშაო არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ, გავეცანი ამერიკული ბიზნესის წარმართვის

ბევრ ისეთ დეტალს, რაც შემდგომ საქმიანობაში ძალიან დამეხმარა. შერგო 2004 წელს ჩამოვიდა და ფილადელფიაში არქიტექტურულ ფირმაში დაიწყო

სამსახური. 2006 წელს სერგო კალიფორნიაში მიიწვიეს სამუშაოდ, სადაც, საქმის გასაცნობად ჩასულს, მეც ვახლდი. იმავე ფირმამ დიზაინერის პოზიცია მეც შემომთავაზა და რადგან ორივეს სამსახური გველოდებოდა, პენსილვანიიდან ლოსანჟელესში გადასვლა ადვილად გადავწყვიტეთ. ორი წელი ერთად ვმუშაობდით XL-ART Design Group-ში: სერგო დიზაინ-სტუდიის უფროსად, მე თავიდან არქიტექტორ-დიზაინერად, შემდეგ კი ინტერიერის დიზაინზე გადავერთე. მას შემდეგ, რაც ამერიკაში დაწყებული კრიზისის გამო მშენებლობის ბიზნესი სერიოზულად შეფერხდა, 2008 წელს ჩემს ამჟამინდელ ფირმაში Montanio Desaign Group-ში სამედიცინო დაწესებულების დიზაინზე დავიწყე მუშაობა. საბედნიეროდ, კრიზისი სამედიცინო სფეროს არ შეხებია. დროდადრო დიდი პროექტების განხორციელებაში სერგოც გვეხმარებოდა, მერე უფრო აქტიურად ჩაერთო ჩვენს საქმიანობაში, მაგრამ თავის კერძო პროექტებს მაინც ინარჩუნებდა და დღემდე ასე აგრძელებს.
_ გვიამბეთ, კონკრეტულად ამ ფირმის შესახებ და თქვენი ფუნქციის შესახებ?

_ ჩვენს ფირმას Montanio Design Group ჰქვია, რომელსაც შემოკლებით _ MDG-ს ეძახიან.  ძირითადად საავადმყოფოებს და სხვა სამედიცინო დაწესებულებების

ინტერიერის დიზაინის ნაწილს ვაპროექტებთ. მისი მფლობელია დიზაინერი სილვია მონტანიოა. პროექტების უმეტესობა დიდი მოცულობისაა და, ძირითადად, კალიფორნიაში, ტეხასში, მონტანაში ვახორციელებთ პროექტებს. თავიდან ამ ფირმაში რიგითი დიზაინერი ვიყავი, ახლა უფროსი პროექტ-მენეჯერი ვარ და სრული განაკვეთით ვმუშაობ. სერგო ერთი წლის შემდეგ შემოგვიერთდა, მაგრამ მას თავისი ბიზნესიც აქვს. ამიტომ პატარა პროექტებზე არ ვაწუხებთ. ის დიდი მასშტაბის პროექტების დიზაინის კონცეფციაზე მუშაობს.
_ რამდენადაც ვიცი, თქვენს მიერ განხორციელებულმა წარმატებულმა პროექტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და მასზე ამ დარგში სხვადასხვა პრესტიჟულ

ამერიკულ ჟურნალში საკმაოდ საინტერესო სტატიებიც გამოქვეყნდა. რას ეხებოდა ეს პროექტი?
_ ეს პროექტი სახელწოდებით “წმინდა ჯუდის სამედიცინო ცენტრი St. Jude Medical Center  _კალიფორნიის შტატში, ქალაქ ფულერტონში მდებარეობს. ახალი

კორპუსი დაახლოებით 18 580კვ. მ ფართს მოიცავს. ჰოსპიტლის ახალ შენობაში, რომლის ინტერიერზეც ჩვენ ვმუშაობდით, განლაგებულია კვების ბლოკი,

რესტორან-სასადილო, რომელიც მთლიანად საავადმყოფოს ემსახურება, ასევე, საოპერაციო ნაწილი თავისი სარეანიმაციო ბლოკებით. ბოლო ორი სართული კი

პაციენტთა პალატებია, მთელი თავისი მომსახურებით. საერთოდ ასეთი მასშტაბის პროექტში ძალიან ბევრი ორგანიზაციაა ჩართული. პროექტირებას და

მშენებლობას სულ ექვსი წელი დასჭირდა და საბოლოოდ 228 მილიონი დოლარი დაიხარჯა მის ბოლომდე მისაყვანად. ამ პროექტში მე დიზაინისა და ინტერიერის პროექტის მენეჯმენტს ვასრულებდი, სერგო რესტორნის ნაწილის დიზაინზე მუშაობდა. ის ჟურნალები (Interior and Sources, Medical Construction and Design, Healthcare Design და სხვა), რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტზე წერენ, ამერიკაში საკმოდ პოპულარული გამოცემებია პროფესიონალთა შორის. თუმცა ეს და სხვა გამოცემები ასევე აქტიურად ეხმაურებიან ჩვენს მიერ შესრულებულ სხვა  სამუშაოებსაც. სერგოს და მე ძალიან ბევრი სერიოზული პროექტი გვაქვს განხორციელებული, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად. მე სამედიცინო დაწესებულებებზე ვმუშაობ, სერგო, გარდა ამისა, საცხოვრებლებზე და სასწავლო დაწესებულებებზეც. კალიფორნიაში უშუალოდ ჩემს მიერ და ერთობლივად განხორციელებული პროექტებია: ახალი სამსართულიანი და ოთხსართულიანი გადაუდებელი დახმარების კორპუსები  ნაპაში და ფულერტონში, სამედიცინო საოფისე შენობა კაისერ პერმანენტე _ ტასტინ რანჩში, 25 საწოლიანი სამედიცინო ქირურგიული კორპუსი კასა კოლინა სარეაბილიტაციო ჰოსპიტალი _ პომონაში, ნეონატალური ზრუნვის განყოფილების სარემონტო აღდგენითი პროექტი პედიატრიული ჰოსპიტალი _ მიშენ ვიეხოსა და ორენჯში, პედიატრიული ინტენსიური ზრუნვის განყოფილების სარემონტო აღდგენითი პროექტი მემორიალური ჰოსპიტალი _ ლონგ ბიჩში, ინოვაციათა ინსტიტუტის სათაო ოფისი იუპორტ ბიჩში და მრავალი სხვა. ამჟამად ერთობლივად ვმუშაობთ ტეხასის შტატში, სამედიცინო ცენტრ კოვენანტ-ის ახალი კორპუსის და ასევე ახალი ფლიგელის მიშენების პროექტზე, რომელიც შედგება მთავარი ლობის, დიეტური ბლოკის, რესტორნის, ქალთა და ენდოკრინოლოგის განყოფილებისგან, ასევე, ვამზადებთ ამავე ჰოსპიტალის რესტავრაციის ფართომასშტაბიან და ონკოლოგიური საავადმყოფოს რენოვაციის პროექტებს. პროექტის ინტერიერის ნაწილის თანაავტორები ვართ სილვია მონტანიო, სერგო ანთაძე, დებორა ლივერი, ჯუდი ბენრნეტი. პროექტი ძალიან დიდი მასშტაბისაა და იგი ხორციელდება სამ სხვადასხვა არქიტექტურულ ფირმასთან ერთად. გარდა საავადმყოფოების პროექტირებისა, სერგოს შესრულებული და აშენებული აქვს მრავალი საცხოვრებელი სახლი ლოს ანჟელესში, მათ შორის, ისტორიული ნაგებობა _ ჩარლი ჩაპლინის ყოფილი რეზიდენცია – ბევერლი ჰილში, რინგო სტარის ამჟამინდელი რეზიდენცია ასევე ბევერლი ჰილში.  შერგოს ასევე დაპროექტებული აქვს  მცირე ზომის პროექტი ფორესტ ვიტეკერისთვის, მაგრამ მსახიობმა სახლი გაყიდა და ამის გამო მისი ბოლომდე განხორციელება ვერ მოხერხდა. ამჟამად ლოს ანჟელესში რამდენიმე მრავალმილიონიან საკმაოდ საინტერესო პროექტზე მუშაობს. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს..

_ როგორც ამბობთ, ამერიკაში სრული განაკვეთით მუშაობთ, ალბათ, რთულია. ამერიკული ცხოვრების სტილი რადიკალურად განსხავვებულია თუ არა

ქართული ცხოვრების წესისგან?

_ სიმართლე გითხრათ, ბოლოს თბილისში ორ სამსახურში ერთად გადაბმულად დღეში  18 საათს ვმუშაობდი. ასე რომ, საქართველოშიც საკმაოდ დატვირთული

განრიგი მქონდა. ამერიკაში სამსახურში 10-12 საათს მაინც ვატარებ, პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია, მაგრამ სამაგიეროდ დაფასებაც შესაბამისია.

აქ ერთი წუთითაც ვერ მოდუნდები, რადგან უბრალო მოდუნება შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს. ასეთი ცხოვრების წესს თანდათან ეჩვევი და მერე

რიტმში ხარ ჩართული.

_ რამდენადაც ვიცი, თქვენ თბილისში ბეჭდურ მედიასთანაც თანამშრომლობდით… საქართველოში თქვენი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით.

_ გაზეთი ჩემთვის სრულიად უცხო სპეციფიკა იყო. გაზეთ “ჯორჯიან თაიმსში” დიზაინერად არქიტექტორ გია გიორგაძის შუამდგომლობით დავიწყე მუშაობა.

აქვე ვისარგებლებ შემთზვევით და ვიტყვი, რომ საერთოდ ძალიან ბევრ რამეს ვუმადლი გიას. რაც შეეხება “ჯორჯიან თაიმსს”, ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ყველაზე

საინტერესო და ძვირფასი პერიოდი. ამდენი ნიჭიერი და მკვეთრად ჩამოყალიბებული პიროვნების ერთ სივრცეში თავმოყრა, რაც ამ გაზეთში ხდებოდა, საოცარი მოვლენა იყო. ასევე საოცრად ძვირფასია “დილის გაზეთში” და  “ოლიმპში”  თანამშრომლობის გახსენებაც.. ძალიან ბევრი რამ შევისწავლე და გავიგე მშენებლობის შესახებ სამშენებლო მასალების დისტრიბუციის ცენტრ “ვილაში” მუშაობის დროს. ამერიკაში გამგზავრებამდე არტსტუდიო პროექტში ვმუშაობდი არქიტექტორად გოგი სულაბერიძის ხელმძღვანელობის ქვეშ. სერგოს თბილისის სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და წლების მანძილზე მუშაობდა ზონალურ კვლევით საპროექტო ინსტიტუტში, შემდეგ თავისი ფირმა “ანჩი” დააარსა და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტიც განახორციელა, რომელთაც პრიზები მიიღეს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კონკურსებზე.

_ რადგან ერთ სფეროში მოღვაწეობთ, ალბათ, პროფესიული ინტერესი, საქმე და კარიერა ოჯახურ იდილიას ვერ გირღვევთ? თავისუფალი დროს როგორ ატარებთ?

_ მართლა რომ გითხრათ, უთანხმოება მხოლოდ პროექტების გამო მოგვდის და მიმაჩნია, რომ ეს ნორმალურია.  ღოცა თავისუფალი დრო გვაქვს, ხშირად ოკეანის

სანაპიროზე გავდივართ. ეს დიდი გეგმების დასახვას არ ითხოვს, რადგან  სახლიდან 20-30 წუთი გვჭირდება მალიბუს სანაპირომდე მისასვლელად. მარტო

ლოსანჟელესში იმდენი რამეა სანახავი, იმდენი საოცარი მუზეუმი თუ პარკია, რომ დრო თქვი, თორემ წასასვლელს რა გამოლევს…

_ იმავდროულად, ალბათ, საკუთარი ქვეყნის ნოსტალგიას ვერ გაექცევით.

_ პირველი წლები იმდენად სტრესული იყო, რომ ნოსტალგიისთვის თითქოს ემოცია არ მრჩებოდა. როგორც კი დავწყნარდი და ამერიკულ რეალობას

შევეთვისე, მთლიანად მონატრებამ მომიცვა. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი საქართველოში დედაჩემის და ბებიას სანახავად. სამწუხაროდ, ბებიას ცოცხალს ვერ ჩამოვუსწარი, რაც ჩემს უდიდეს ტკივილად დარჩა. სერგოსთვის გაცილებით უფრო რთული იყო საქართველოდან წამოსვლა, რადგან ვაჟი დატოვა და სანამ მიშო საბოლოოდ გადმოვიდა ლოს ანჟელესში, საოცრად უჭირდა. მიშო უკვე 22 წლისაა, წელს ერთ-ერთი პრესტიჟული ხელოვნებისსკოლა _ კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ძალიან დიდი წარმატებით დაამთავრა, იგი უკვე მიწვეული იყო რამდენიმე  კინოფესტივალზე ძალიან კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. კარგია, რომ თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ყოველდღიურად

თვალი ადევნო ამხელა დისტანციიდან, თუ რა ხდება შენს სამშობლოში. საქართველო ძალიან გვენატრება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რეალობა

ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შორიდან ჩანს. ყველაფერზე მეტად ახალგაზრდების ბედი მაწუხებს. რამდენ ნიჭიერ ადამიანს არ აქვს სწავლის და მუშაობის საშუალება, მაგრამ მჯერა, საქართველოში მაინც დიდი პოტენციალია და ბევრია თავდადებული ადამიანი, რომელთაც გასაჭირი ვერ მოერევა…

_ რამდენად რეალურია ის, რომ ამერიკა ყველა ოცნებას ასრულებს ნიჭიერი ადამიანისთვის? და რამდენად იოლია კარიერის შექმნა ემიგრანტისთვის?

_ კარიერის შექმნა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და არა მარტო ემიგრანტისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვს, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია. დიდი თავდადება და შრომაა საჭირო, თუმცა ოცნების ასრულება ნამდვილად შესაძლებელია.  პირადად მე განათლება მხოლოდ საქართველოში მაქვს მიღებული, 1992 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი და  ამერიკაში დამატებით არანაირ სასწავლებელში აღარ მისწავლია. ჩემი ქართული დიპლომით ვიპოვე ყველა სამსახური, მივიღე სერთიფიცირება და ლიცენზია.  ძალიან ბევრ გამოცდილ პროფესიონალთან მიმუშავია სხვადასხვა რთულ პროექტზე და არასდროს მიგვრძნია ცოდნის ნაკლებობა. ასე რომ, განათლება ყველგან შეიძლება მიიღო, მთავარია, საკუთარ შესაძლებლობებში მიზნებში ეჭვი არ გეპარებოდეს…

ესაუბრა დავით ქაქუთია

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts