ანონსიახალი ამბები

ბოსტნეულის წარმოების ხელშეწყობის მიზნით საქართველო- ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორმა, კახაბერ გუგეშაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შულავერში ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მშენებარე სადემონსტრაციო სათბურები დაათვალიერეს. სათბურები 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მდებარეობს. მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება. საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდება მზის სათბურების, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები. მოეწყობა ორი ტიპის სადემონსტრაციო ფართობი ბოსტნეულის წარმოებისათვის. ქართველი ფერმერები და ტექნიკოსები ბოსტნეულის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ ტრენინგებს ჩინეთში გაივლიან. პროექტი დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მეირ და მისი ჯამური ღირებულება 20 მილიონ იუანს (RMB) შეადგენს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,ეს არის მორიგი გრანტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. ჩინური მხარე 3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტს ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ახალი ტექნოლოგიებით აშენებული და აღჭურვილი სათბურს სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებაც ექნება. აქ მოხდება ფერმერების გადამზადება, ჩატარდება ტრენინგები, რათა ეს ახალი ტექნოლოგიები მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგოს“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რადგან პროექტის ფარგლებში ბევრ საკითხში გვიჭერს მხარს. მოხარული ვარ, რომ ადგილზე გავეცანი პროექტის მიმდინარეობას, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ჩინეთის მთავრობას აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულების მოლოდინი აქვს. გვსურს ქართველ ფერმერებს მეტი შესაძლებლობა მიეცეთ ცოდნის ამაღლების და თანამედროვე ტექნოლოგიებით ბოსტნეული კულტურების მოყვანის შესწავლის კუთხით“, – აღნიშნა ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის კოორდინატორმა, სენ ჰოუმ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე, ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts