ახალი ამბები

ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში გაეროს მისიის უფროს სამხედრო მრჩევლად დანიშნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია გაერთიანებული ერების დამხმარე მისიაში ავღანეთში უფროსი სამხედრო მრჩეველი გახდა. ის რეგიონში პირველი ქართველი სამხედროა, რომელიც საერთაშორისო მისიაში ამ პასუხისმგებლობით ერთვება. უფროსი სამხედრო მრჩევლის პოზიციაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას კონკურენციას  სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები უწევდნენ.

„1991 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ოპერაციებში, მაგრამ ეს პირველი პრეცედენტია, როცა ამ მისიაში ქართველი ოფიცერი გაეროს ეგიდით მონაწილეობს. ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის არის სიახლე, არამედ სიახლეა მთელი რეგიონისთვის“,- განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ავღანეთში უფროსი სამხედრო მრჩევლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ვლადიმერ ჩაჩიბაიას  ამოცანა  სპეციალური წარმომადგენლისთვის სამხედრო რჩევების მიცემა, გენერალურ შტაბზე პასუხისმგებლობა და მისიასა და  ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაციის გაწევა იქნება.

„ასევე ურთიერთობა მექნება კოალიციური ძალების შტაბთან, ავღანეთში მყოფ ატაშეებთან. მეყოლება მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხო ქვეყნების სამხედრო ოფიცრებისგან. ყოველკვირეულად მოვამზადებთ ანგარიშს  და რეკომენდაციებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე პასუხისმგებლები ვართ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე. ვიმუშავებთ ანალიზზე და პირდაპირ კავშირზე ვიქნებით ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების შტაბის სამშვიდობო ოპერაციებისა და სამოქალაქო-სამხედრო დეპარტამენტთან“,- განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ავღანეთში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება და ახალ თანამდებობაზე ერთ  წელს დაჰყოფს.

 

ნანა

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts