წალკა

“ცოცხალი წიგნები” წალკაში

27 აპრილს წალკას ქართველი მწერლები ეწვივნენ. კულტურის სამინისტროს პროექტის – “ცოცხალი წიგნები” ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწყობა მწერლების შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან.

პროექტის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მწერლები ადგილზე შეხვდნენ მკითხველს, ესაუბრონ ქართულ მწერლობაზე და თავად წაუკითხონ საკუთარი ნაწარმოებები.

აქტივობები შიდა ქართლიდან დაიწყო და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს.

პროექტის მიმდინარეობისას მკითხველს საშუალება ეძლევა,უშუალოდ ავტორებისაგან მოისმინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე ეზიაროს ქართულ ლიტერატურას.

შეხვედრები საშუალებას იძლევა, მოხდეს წიგნის პოპულარიზაცია მოსახლეობაში და განსაკუთრებით – მოზარდებში. მაშინ, როდესაც ტელე და ინტერნეტსივრცე სავსეა საეჭვო ღირებულებების პოპულარიზაციით, მსგავსი შეხვედრები და ლიტერატურასთან ზიარება ხელს შეუწყობს ჭეშმარიტი ფასეულობების დამკვიდრებას, ახალგაზრდების სწორ აღზრდას. ამიტომაც არის ეს პროექტი ჩვენთვის საინტერესო. ჯგუფი, რომელიც წალკას ეწვია, შედგებოდა ცნობილი ქართველი მწერლებისაგან: გია არგანაშვილი, ბათუ დანელია, მარიამ წიკლაური, მაკა მიქელაძე, ნინო ქადაგიძე, თამრი ფხაკაძე, მაია კარსელი და მანანა დუმბაძე – დიდი ქართველი მწერლის – ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი და უდროოდ გარდაცვლილი ქართველი მწერლის – ჯემალ თოფურიძის მეუღლე. შეხვედრას კულტურის ცენტრი მასპინძლობდა.

მასპინძელთა შორის იყვნენ რაიონში მოქმედი ბიბლიოთეკების წარმომადგენლები, მოსწავლეები და პედაგოგები. შეხვედრის დაწყებისას სტუმრებს მიესალმა წალკელი მწერალი ზაურ ბოლქვაძე, რომელმაც თავისი ნაწარმოებები წაიკითხა და სტუმრებს საკუ- თარი კრებულიც გადასცა. შეხვედრის წამყვანმა, არაჩვეულებრივმა პოეტმა მარიამ წიკლაურმა საზოგადოებას წარუდგინა სტუმრები  და სიტყვა მწერლებს გადასცა. შეკრებილებს ესაუბრა და თავისი ნაწარმოებები წაუკითხა მწერალმა გია არგანაშვილმა. მან პროექტის დანიშნულებასა და წიგნის როლზეც საინტერესოდ ისაუბრა. თავისი მოთხრობები წაგვიკითხა ახალგაზრდა მწერალმა მაკა მიქელაძემ. პოეტებმა – ბათუ დანელიამ, ნინო ქადაგიძემ, მარიამ წიკლაურმა, მაია კარსელმა თავისი პოეტური ნაწარმოებები გაგვაცნეს. თამრი ფხაკაძემ მოთხრობით – „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ სამაჩაბლოს მტკივნეული პრობლემა გაგვახსენა, მანანა დუმბაძემ კი თავისი დოკუმენტური პროზით ნოდარ დუმბაძის აგარაკზე – გულრიფშში გვამოგზაურა. ახალგაზრდები ინტერესით ისმენდნენ ავტორების მიერ წაკითხულ ნაწარმოებებს. შეხვედრის  ბოლოს წალკის #1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელმამოსწავლემ მარიამ ლომთათიძემ საკუთარი ლექსები წაუკითხა სტუმრებს და თამრი ფხაკაძისაგან ავტოგრაფიანი წიგნი და მანანა დუმბაძისაგან პროექტის მონაწილეთათვის განკუთვნილი მაისური მიიღო საჩუქრად. სტუმრებთან ერთად შევთანხმდით, რომ სამომავლოდ პროექტის ორგანიზატორები დაგვეხმარებიან სკოლებში მოსწავლეთა სურვილის მიხედვით შერჩეულ მწერლებთან შეხვედრის ორგანიზებაში, რაც კიდევ უფრო დააახლოებს მოზარდებს ლიტერატურასთან.
   P.S     დასასრულს სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ და მომავალი შეხვედრების მედით დავემშვიდობეთ სასიამოვნო სტუმრებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, პროექტის მენეჯერს ქეთი დუმბაძესა და პროექტის ყველა მონაწილეს, რომლებიც ქვეყნისათვის ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებენ.

                                                                                                                                                   მარინე ბერიანიძე
                                                                                                                                                                                            სსიპ ქალაქ წალკის #1 საჯარო სკოლა

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here