დმანისი

დმანისის სვანი ეკომიგრანტები

თითოეული ჩვენთაგანისთვის, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, ერთ დღესაც გაიღვიძო და აღმოჩნდე სახლ-კარის გარეშე, ღია ცისქვეშ, ხელმოცარული, უიმედოდ. ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეგუება.

მართლაც, რომ ეგუება და სხვაგზაც არა აქვს… მისი ვალიც ეს არის, რაც არ უნდა მწარე იყოს დაცემა, ადამიანი უნდა წამოდგეს შვილების, მშობლების, ახლობლების გამო და ღირსეულად განაგრძოს ცხოვრება.

ტრაგედიის ისტორია

სამწუხაროდ ამ ყოველივეს გადატანა მოუხდათ სვანებს. ისინი 1987 წელს უმძიმესი ზამთრის შემსწრენი გახდნენ, სტიქიით დაზარალებულები იხსენებენ იმ ბედკრულ დღეს, როდესაც ზვავმა მათი სახლები შთანთქა. სტიქიას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დაახლოებით 85 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

Usssantitledამ სტიქიურმა უბედურებამ სრულიად საქართველო შეძრა და არც ყოფილი საბჭოთა კავკასიის რესპუბლიკები დარჩნენ გულგრილნი. უახლესი ისტორია გვამცნობს, რომ განსაკუთრებით დაზარალდა მესტია (ზემო სვანეთის) რაიონი. გზები ჩაიკეტა, სოფლებთან კავშირი გაწყდა.

დაახლოებით 16’000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. მათი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა მხარეში გადაანაწილეს. სწორედ ამ დროს მოხდა ჭუბერიდან მოსახლეობის ჩამოყვანა დმანისის რაიონში.

პირველი ნაკადი 62 ოჯახამდე იყო. შემდეგ ნელ-ნელა ხდებოდა დაზარალებული ოჯახების გადმოსახლება და დღეისათვის მათი რიცხვი 200 ოჯახს ითვლის.

1988 წელს, სასწრაფოდ დაიწყო დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებდა, რათა ამ ოჯახებს თავშესაფარი და საკვები არ მოკლებოდათ.

აშენდა 300-ზე მეტი სახლი. მართალია ეს თანადგომა დიდი ნუგეში იყო ტრაგედიის გადამტანი ადამიანებისათვის, მაგრამ უნდა ითქვას სიმართლეც, რომ ჩამოსახლებულებს და ადგილობრივ მოსახლეობას, ძალიან გაუჭირდათ თანაცხოვრების პირველი წლები…

დრომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა. უკვე თაობები დაიბადნენ ქალაქ დმანისში, მაგრამ რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, სვანების ძველი თაობა, მაინც მშობლიურ ჭუბერსა და სვანეთის წალკოტსანახებს მისტირის.

ეკოემიგრანტები 28 წლიან ცხოვრების ისტორიას ითვლიან დმანისის რაიონში.

78 წლის ეკომიგრანტი შამილ ვიბლიანი

ინტერესმოკლებული არ იქნება მკითხველისათვის, გავაცნოთ 78 წლის ეკომიგრანტი და ჩვენი რესპონდენტი შამილ ვიბლიანი, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა სვანთში მომხდარი სტიქია და თავად გახდა მსხვერპლი, როგორც სხვებმა დაეტოვეს საკუთარიკარმიდამოsa.

ბატონო შამილ, რას გაიხსენებთ იმ 1987 წლის სტიქიიდან?
– ერთ დღეს ისე ჩამოთოვა, ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს ამხელა თოვლი, დაახლოებით 12 მეტრამდე. სტიქიამ ბევრ მოსახლეს სახლი დაუნგრია. მე პირადად გვერდით ჩამიარა ზვავმა.
მთელი საბჭოთა კავშირი ფეხზე დადგა დასახმარებლად. მარტო ჭუბერს არ ემუქრებოდა საფრთხე, მთელ რაიონში იყო დიდთოვლობა, გამოგვიცხადეს, ყველა ზვავსაშიშროების ზონაში ხართო და უნდა გადაგიყვანოთ აღმოსავლეთ საქართველოშიო.
ჩვენ დავთანხმდით და 62 ოჯახი გადმოგვიყვანეს დმანისში. დროებით სასტუმროში დაგვაბინავეს, მაშინ რაიკომის მდივანი ომარ ელოშვილი
იყო, მხარში ამოგვიდგა. დიდი ფერმა იყო მაშინ, ყველანაირი პროდუქტით გვამარაგებდნენ – ხორცის, რძის დაუამრავი სხვა პროდუქტებით.
1988 წლის გაზაფხულზე დაიწყო მშენებლობა, სულ აშენდა 300 სახლი, თითქმის ყველა დაგვასაქმა ელოშვილმა ჩვენი პროფესიისდა მიხედვით,ზოგი რაიკომში, ზოგიც მაღაზიებში.

რამდენად გონივრული იყო მთავრობის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა?
– რა თქმა უნდა, რთულია, სახლკარის მიტოვება, მაგრამ ჩემი აზრით გონივრული იყო, თუმცა სხვა გზაც არ გვქონდა, არც სახლი გვქონდა და არც აღარაფერი გაგვაჩნდა.

როგორ შეგხვდათ ადგილობრივი მოსახლეობა?
– როდესაც, ჩამოვედით, დმანისი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნაციონალური უმცირესობის სიმრავლით და რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, დაახლოებით 12 ქართული ოჯახი ცხოვრობდა.
რა თქმა უნდა, ქართველები კარგად შეგვხვდნენ, რასაც, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი აზერბაიჯანელებსა და სხვა ეროვნებებზე. თავიდან ვერ მოვრიგდით ჩვენ და აზერბაიჯანელები, იყო გარკვეული გაურკვევლობა, კონფლიქტები და ხელჩართული ჩხუბიც კი.
საღმა აზრმა გაიმარჯვა და ხედავთ, რომ დღეს ყველა ერთად ვცხოვრობთ.
იმ ანდაზისა არ იყოს: „ხარი ხართან დააბი ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“ ისე გამოგვივიდა, მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ სვანებს ზნეს და ფერს ვერავინ შეგვიცვლის.

რადგან სვანურ მენტალიტეტს შეეხეთ, მართლაც რომ სპეციფიკური ბუნება გვაქვს. ახლა რომ შემოგთავაზონ თქვენს კარმიდამოში დაბრუნება, დატოვებდით აქაურობას?
– სახლს თუ ამიშენებენ და მომცემენ კარმიდამოს, რატომაც არა, ჩვენ სვანებს, მაინც სვანეთისაკენ გვიჭირავს თვალი და მიგვიწევს გული.

ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ ამ 28 წლიან პერიოდს?
– მოვიდა დემოკრატია. მე კომუნისტური წყობილებით ვიყავი კმაყოფილი და დღევანდელი დემოკრატია არაფერია ჩემთვის. დღევანდელ ყოფას ის დრო მირჩევნია ბევრად. დასაქმებული ვიყავით, ყველაფერი იაფი იყო… დღეს კი ძალიან ჭირს თავის გატანა…

თქვენ თქვით, რომ დმანისში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები ყველაზე მეტი. ასევე, მათთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, რუსები, ბერძნები, რამდენადაც ვიცი, დმანისში არ არსებობდა ეკლესია, სად აღნიშნავდით მართმადიდებლურ დღესასწაულებს და სად ლოცულობდით?
– ჩვენ, რომ ჩამოვედით, აქ ტაძარი, მართლაც არ იყო, ვიდრე 1995 წელს, ჩვენ, სვანებმა არ ავაშენეთ წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. მანამდე მივდიოდით დმანისის სიონში და იქ აღვნიშნავდით მართმადიდებლურ დღესასწაულებს.

რას ისურვებდით ახლო მომავალში დმანისისთვის და რას შეცვლიდით?
– მახსოვს, თბილისში ვიყავი და ბიჭებთან ერთად ვიდექი ქუჩაში. ძველ  დროს გეუბნებით, კომუნისტების დროს. მოვიდა მილიციელი და შეგვეკითხა, თუ რატომ ვიდექით ქუჩაში უსაქმოდ.

რა მინდა ამით ვთქვა, ვისურვებდი არ იყოს უმუშევრობა, დასაქმებული იყვნენ ადამიანები, ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის საკვები და პირველადი მოხმარების საგნები.

მოკლედ 78 წლის კაცი ვარ, არცთუ ჯანმრთელი. პენსია, რომ მეყოს წამლებში და საკვებში იმას ნამდვილად ვისურვებდი. ჩვენ, სვანები, მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ და მშვიდობას ვუსურვებდი თითოეულ ოჯახს და მთელ საქართველოს.

dP.S. ჩემს რესპონდენტს, ბატონ შამილს, ბოლო სიტყვების წარმოთქმისას თვალებზე ცრემლი მოადგა. მომიტევებს ალბათ რესპონდენტი, რადგან ყველა ის გაჭირვება, რაზეც ილაპარაკა, ვერ შევძელი ერთ საგაზეთო სტატიაში ჩამეტია.
მაინც განსაკუთრებულად დიდებული ერი ვართ ქართველები, მიუხედავად გაჭირვებული ყოფისა. ჩვენს ლოცვასა და ნატვრაში, უფალს უპირველესად მშვიდობას ვავედრებთ.

ხატია ჩხვიმიანი, სპეციალურად “თრიალეთის ექსპრესისთვის”

 

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here